ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში 350 ბრიგადა ჩაერთვება.
ამასთან, მისი განცხადებით, იმუნიზაციის ცენტრები მოეწყობა არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ სავაჭრო ცენტრებშიც.
"მიმდინარეობს მზადება. მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია ლილოსა და სითი მოლში. ჰუალინგის ცენტრში უკვე მოქმედებს ვაქცინაციის პროგრამა.
დღეისთვის მობილიზებულია 300-მდე ბრიგადა, ამ კვირაში დაემატება 50 ბრიგადა. 350 ბრიგადა სრულად ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში. თითოეულ ბრიგადას დღის განმავლობაში, სულ მცირე, შეუძლია 60 მოქალაქის აცრა, რაც დღის განმავლობაში საკმაოდ მაღალი რაოდენობაა. სამედიცინო დაწესებულების მიღმა, მოლებში ასევე მიმდინარეობს მზადება. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება უკვე მიმდინარე პერიოდში მოთხოვნაზე და იმაზე, თუ რამდენად დაგვჭირდება დამატება". - თქვა თამარ გაბუნიამ.
ვაქცინაციის პორტალი Booking.moh.gov.ge, რომელიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო, ჩაირთო, თუმცა ამ დროისთვის კვლავ შეფერხებით მუშაობს.
საიტის სრულად აღდგენის შემდეგ მოქალაქეებს დარეგისტრირება სინოფარმის, სინოვაკის და ასტრაზენეკას ვაქცინებზე შეეძლებათ.