logo
ENG



გაერო: ომის 100 დღის განმავლობაში 14მლნ უკრაინელი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა

04 ივნ 202211:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/04/gw8wkrf929l3zba.jpg

უკრაინაში 100-დღიანი ომის განმავლობაში თითქმის 14 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, რომ საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. მათგან უმეტესობა იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ამის შესახებ საუბარია გაეროს კრიზისების კოორდინატორის, ამინ ავადის მოხსენებაში.

"იძულებითი გადაადგილების ასეთი მასშტაბი და ასეთი სიჩქარე ისტორიაში ჯერ არ ყოფილა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

გაეროს მონაცემებით, 3 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებული იყო, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო სწავლა შეეწყვიტა. ქვეყნის მასშტაბით კი ასობით ათას ადამიანს არ აქვს წვდომა წყალსა და ელექტროენერგიაზე.

"საერთო ჯამში, უკრაინის 15,7 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება და რიცხვი იზრდება", - ნათქვამია მოხსენებაში.


close დახურვა