გამოკითხული მოსახლეობის 63% „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში ნეგატიურად აფასებს. შესაბამის კვლევას „ედისონ რისერჩი“ ავრცელებს.
ამავე კვლევის მიხედვით, მმართველი გუნდის თავმჯდომარის როლს პოლიტიკაში დადებითად 37% აფასებს.
კვლევითმა ორგანიზაციამ რესპონდენტებს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა. კერძოდ: „ემხრობიან თუ არა ივანიშვილის დაბრუნებას პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე“.
გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ ივანიშვილის თანამდებობაზე დაბრუნებას ნეგატიურად აფასებს, ხოლო 29% ემხრობა.
ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.