დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ პირველი დოზით 60 წელს ზემოთ 51 757 ადამიანი აიცრა. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი 20-21 დღეში დაფიქსირდა.
ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ დღიურად, საშუალოდ, 60 წელს გადაცილებული 2 465 მოქალაქე იცრება.
მანვე დაამატა, რომ გუშინდელი აცრილი 13 603 ადამიანიდან, 70% პირველი დოზით აცრა იყო, მათი ნახევარზე მეტი (52%) კი 60 წელს ზემოთ მოქალაქე იყო.
მთავრობის პროგრამით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქე კორონავირუსზე პირველი დოზით აცრის შემთხვვაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.
კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან.
ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი.
აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე.
აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში.