დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელი 1,1%-ია.
გამყრელიძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილია 6-ეტაპიანი თანდათანობითი შემსუბუქების გეგმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციების იგნორირება მოხდეს.
„რაც შეეხება ეპიდსიტუაციას გვაქვს 22 ახალი შემთხვევა დღეს და ყველას წყარო დადგენილია. 15 არის თეთრიწყაროს კლასტერთან, დანარჩენი ყველა კონტაქტში დაკავშირებული პირია. ამ 22 შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, ყველა მათგანი კოვიდ ცენტრებშია გადაყვანილი. 179 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამწუხაროდ, 6 გარდაცვლილია. თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვენებლი 1,1%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპულ ქვეყნებში.
ასეთი ზრდა დინამიკის თუ ამ ორი კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, თუ იქნა 20-30-40 ყოველდღიური ზრდა, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მთავრობის მიერ წარმოდგენილია 6-ეტაპიანი თანდათანობითი შემსუბუქების გეგმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციების იგნორირება მოხდეს. მთავარი რეკომენდაციაა - დარჩი სახლში. ხშირი ხელების დაბანა, დისტანციის დაცვა და სოციალური დისტანცირება, ეს მთავარია. პირველი სიმპტომისთანავე - სუნთქვის უკმარისობა, ხველა, აუცილებელია მივმართოთ ექიმს. დავრეკოთ 112-ზე ან მიმართეთ პირდაპირ ცხელების ცენრტს, სადაც ჩაგიტარდებათ ლაბორატორიული კვლევა.
მინისტრთან შეხვედრა იყო და განვიხილეთ კიდევ უფრო გაფართოება ლაბორატორიული კვლევების. დღეს გვქონდა პიკი 1096 კვლევა ჩავატარეთ ერთ დღეში, 12 ლაბორატორიაში. იქითა კვირიდან 3 ლაბორატორიის დამატებაა საჭირო. მაისის 15-მდე გვინდა, რომ დღეში 1500-დან 1 700-მდე კვლევა ჩავატაროთ. მაისის 15-დან, მეორე ეტაპზე გვინდა 2000-დან 2500-მდე კვლევა ვაწარმოოთ ყოველდღიურად, ეს აუცილებელია. აუცილებელია ფართო წვდომა იყოს PCR ტესტებზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.