დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ზაფხულში აჭარაში მყოფ მასწავლებლებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსზე გამოსაკვლევად მივიდნენ.
გამყრელიძის თქმით, აჭარაში მყოფი დაახლოებით 2 200 მასწავლებლიდან გამოსაკვლევად მხოლოდ 1 011 მივიდა.
"ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ, რატომღაც, ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით, 2 200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში იმყოფებოდა აჭარაში და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში ისინი დაექვემდებარნენ გამოკვლევას. ამ 2 200-დან გამოსაკვლევად მხოლოდ 1 011 მივიდა, ანუ 46% და 7 დადასტურება გვაქვს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება", - აცხადებს გამყრელიძე.
დღეს, 17 სექტემბერს კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 2937 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1422 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.