logo

გამყრელიძე: საკომუნიკაციო კამპანია არ არის ისეთი, რომ აჯობოს ანტივაქსერულ მოძრაობას

06 აპრ 202122:24
3 წუთის საკითხავი
clock 292
გამყრელიძე: საკომუნიკაციო კამპანია არ არის ისეთი, რომ აჯობოს ანტივაქსერულ მოძრაობას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე იმუნიზაციის დაბალ ტემპს არასათანადო საკომუნიკაციო კამპანიით განმარტავს. ამის შესახებ გამყრელიძემ გადაცემა პოლიტმეტრში განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კამპანია არ არის ისეთი, როგორიც მათ სურდათ.

ამასთან, მისი თქმით, ახალ ვაქცინას ყოველთვის თან ახლავს სკეპტიციზმი.

„ეს მოსალოდნელია ყოველთვის, როცა ახალი ვაქცინა ინერგება ქვეყანაში, თავიდან ყოველთვის არის სკეპტიციზმი. ბოლო 30 წლის საქართველოს ჯანდაცვაში დაახლოებით 10-მდე ვაქცინაა დანერგილი. თავიდან ტემპი ყოველთვის ასეთია და შემდეგ იმატებს. მეორე - რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებ ამაზეც, რომ საკომუნიკაციო კამპანია არ არის ისეთი, როგორიც გვინდა, რომ გადაფაროს მან და აჯობოს ანტივაქსერულ მოძრაობას, რომელიც საკმაოდ ძლიერია“, - აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში დაბალია სამედიცინო საზოგადოების ჩართულობაც.

„მე ძალიან მიკვირს და გარკვეულწილად მწყინს კიდეც ჩემი კოლეგების იმიტომ, რომ სამედიცინო საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოებაა ქვეყანაში და ექიმები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვიყოთ წინ. დღეს აცრილი ადამიანებიდან ექიმების პროცენტი არ არის დიდი, სამწუხაროდ“, - განაცხადა გამყრელემ.

კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში COVID 19-ის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები შეზღუდვებზე ლაპარაკობენ, პარალელურად კი, კორონავირუსზე ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 6 აპრილის მონაცემებით,  დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან 3 კვირის თავზე ჯამში 12 846 ადამიანია აცრილი.

close დახურვა