logo
ENG



გამყრელიძე: ყველაფერი წინ არის, პანდემია ვრცელდება მთელ მსოფლიოში

21 აპრ 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ, ექიმებმა და საზოგადოებამ შეძლო ის, რომ ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი საქართველოში არ ფიქსირდება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, რადგან საქართველოში პიკის პერიოდი არ დამდგარა. მისივე თქმით, პიკის პერიოდში გვექნება ინფიცირებული პაციენტების მატება.

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას რეკომენდაციების გათვალისწინებას და სახლში დარჩენას სთხოვს, რათა საქართველო მიმდინარე პერიოდიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს. 

„მადლობა მინდა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მთლიანად სამედიცინო პერსონალის სახელით საზოგადოებას, ვინც გაითვალისწინა და ითვალისწინებს რეკომენდაციებს, რომელსაც დღეს საქართველოს სახელმწიფო, სამედიცინო სექტორი იძლევა ჩვენი მოსახლეობისათვის. სამ თვეზე მეტია რაც ამ გლობალურ გამოწვევასთან ვართ ბრძოლაში. ვირუსმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა ბევრ ქვეყანას 2 მილიონ ნახევარი ადამიანია დაინფიცირებული და დაახლოებით 6,8%-მდე ავიდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 

ჩვენმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ და პროფესიონალმა ექიმებმა მოვახერხეთ ის, რომ დღეს ჩვენთან ინფექციის გავრცელება მაღალი არ არის. წინა კვირაში გვქონდა 3 ნახტომისებური, მაგრამ სწორედ იმის გამო რომ თქვენ დაიცავით რეკომენდაციები, მოვახერხეთ და ზრდის მაჩვენებელი არ სცილდება ყოველდღიურ 10 ახალ შემთხვევას. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ყველაფერი წინ არის, პანდემია ვრცელდება მთელ მსოფლიოში. დიდმა ქვეყნებმაც ვერ გააჩერეს პანდემიის გავრცელება. შიდა გავრცელებიდან დაწყებული უკვე მე-6 დან მე-8 კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს ჩვენ შევედით მე-5 კვირაში, ამიტომ აპრილის ბოლო კვირა, მაისის ბოლო კვირები, მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების მატება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ, რომ დავრჩეთ სახლში. 

როდესაც ჩვენ პიკს გადავივლით, არსებობს გეგმა თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა თანდათანობით ამ მდგომარეობიდან. გეგმა წარმოდგენილი იქნება. გერმანიამაც თანდათანობით დაიწყო ამ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლა, ასევე ავსტრიამ, ნორვეგიამ და მრავალმა ქვეყანამ. ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

ყველა ის ღონისძიება რომელიც სახელმწიფომ გაატარა იანვრიდან დღემდე, იყო ძალიან დროული, მიზანდასახული და ყოველთვის იძლეოდა შედეგს. შედეგი კი დღევანდელი მდგომარეობა გახლავთ, რომ ქვეყანაში 408 დადასტურებული შემთხვევაა. 

ფართოვდება PCR-ზე დამყარებული ტესტები, საკმაო მარაგია ქვეყანაში ტესტების. დღეს უკვე საკმაოდ დიდი კლასტერები გამოვიკვლიეთ: ქობულეთის, ბოლნისში, კიდევ სხვაგან და ძალიან მიხარია რომ ის ქმედებები, რაც ჩვენ განვახორციელეთ შედეგს იძლევა. ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს, შემთხვევების ზრდა გვექნება მაგრამ არ გვინდა რომ ეს ზრდა იყოს რამოდენიმე ათეული და ასეული, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად შეიძლება იქცეს ჯანდაცვის სისტემისთვის.

ჯერჯერობით ვაქცინა არ არის, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მაგრამ არ იქნება ის კიდევ ერთი წელი მაინც. თუ შემოდგომაზე ვაქცინა იქნება, უფრო ადვილად გავუმკლავდებით კორონავირუსულ ინფექციას. გთხოვთ დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც დღეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში გაჟღერდა. გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს, რომ თქვენი მშობლების, თქვენი ბებიების, ბაბუების და მომავალი თაობების ჯანმრთელობა დავიცვათ“, - აცხადებს გამყრელიძე.


close დახურვა