logo
ENG



გამყრელიძე ინდურ შტამზე: შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ არის

23 მაი 202112:49
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე ინდურ შტამზე: შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ არის
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ინდური შტამის სავარაუდო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს.

"შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი გამოვლინდეს, საქართველო გამონაკლისი არ არის. უახლესი პროგნოზირებით, თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი თანდათან ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა", - განუცხადა გამყრელიძემ რუსთავი 2-ს.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დაახლოებით 80% ბრიტანულ შტამს უკავშირდება, რომელიც ჩვეულებრივთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება. 

რაც შეეხება ინდურ შტამს, ის ვირუსის ორ მუტაციას აერთიანებს, რომლებიც ცალ-ცალკე სხვადასხვა ტიპის კორონავირუსებში ადრეც ფიქსირდებოდა, თუმცა ერთად პირველად სწორედ ინდოეთში დადასტურდა. ჯერჯერობით უცნობია, ვირუსის ეს შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუ არა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 337 573 შემთხვევაა გამოვლენილი. 318 599 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 4 622 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა