"ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც დღეს დაინფიცირდა, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს მითითების მიუხედავად, რომ სამედიცინო პერსონალს ორ ან მეტ დაწესებულებაში არ ემუშავა, ეს წესი მაინც დაირღვა.
"სამინისტროდან რამდენჯერმე უკვე იყო მითითება სამედიცინო დაწესებულებებისადმი, რომ სამედიცინო პერსონალის ორ ან მეტ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის ფაქტები არ ყოფილიყო. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მაინც გვაქვს ასეთი ფაქტი. ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც დღეს არის დაინფიცირებული, სწორედ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა უმცროს სამედიცინო პერსონალად. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომ კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა დაუშვებელია, ეს ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის",-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც დაინფიცირებული მედიკოსი მუშაობდა, ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების გამოვლენა მიმდინარეობს.
რაც შეეხება კოვიდ 19-ით დღეს დაინფიცირებულ სხვა პაციენტებს, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ 9-დან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.
გამყრელიძის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.