განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ვაკის პარკის ტრაგედისთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რეგულაციის დაცვით დამრიგებელმა აცნობა არასრულწლოვნების მშობლებს, რომ ისინი არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს.
"მშობლების ინფორმირება ჩვენი მხრიდან დამრიგებელმა განახორციელა. ის ვალდებულება რომელიც აქვს სკოლას, როდესაც ბავშვი არ ცხადდება საგაკვეთილო პროცესზე დამრიგებელმა ეს ვალდებულება შეასრულა. შეატყობინა მშობლებს საერთო ჩატით."- განაცხადა მახარაშვილმა.
დღეს, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა. ინფორმაცია ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა დაადასტურა.
მისივე ინფორმაციით, მეორე მოზარდი ბიჭის მდგომარეობა დასტაბილურდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რაც შეეხება მესამე ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მერიის განცხადებით, გუშინ, 12 ნოემბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.