logo
ENG



გახარია: მოვუწოდებ EU-ს, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრის სტატუსი მიანიჭოს

03 მაი 202222:44
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: მოვუწოდებ EU-ს, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრის სტატუსი მიანიჭოს

ექსპრემიერი გიორგი გახარია ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრის სტატუსი მიანიჭოს. 

გახარიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ "დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ ქვეყნის ინტერესებისთვის". 

"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში და როგორია ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, დღეს ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალი და ბედი წყდება.

მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის იდეის აღსრულებისთვის.

ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, მის ფარგლებს გარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ჩვენმა სამშობლომ ამისთვის ფასი უკვე არაერთხელ გადაიხადა". - წერს გახარია ფეისბუქზე

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი კი 11 აპრილს გადაეცა. 

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

შევსებული კითხვარი ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს 2 მაისს გადასცა. კითხვებისგან განსხვავებით, პასუხები ხელისუფლებას არ გაუსაჯაროებია. 


close დახურვა