logo
ENG



გახარია: პროცესები, პარტნიორების დახმარებით, ქუჩიდან პოლიტიკურ პლატფორმაზე უნდა გადავიდეს

09 ნოე 202013:22
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: პროცესები, პარტნიორების დახმარებით, ქუჩიდან პოლიტიკურ პლატფორმაზე უნდა გადავიდეს

გიორგი გახარია ამბობს, რომ ყველა პროცესი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, "მათივე ინიციატივით და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, სასწრაფოდ უნდა იქნას გადმოტანილი სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე". 

"რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა". - თქვა მან. 

პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი ყოველდღიურად არის პროცესში, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია. 

"ჩვენ, ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია; თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია". - ამბობს გახარია.

პარალელურად კი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 8 ნოემბრის საღამოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები ცივი წყლის ჭავლით დაშალეს და როგორც კახა კალაძემ თქვა, იმ შემთხვევაში, თუ დღეს, 9 ნოემბერს, მოქალაქეები კომენდანტის საათს არ დაემორჩილებიან, "იქნება შესაბამისი რეაგირება". 

ოპოზიცია და მოქალაქეები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. 

20 საათზე, მას შემდეგ რაც ქართული ოცნებისთვის მიცემული დრო ამოიწურა,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები "გამოვიდნენ კონტაქტზე. ეს კონტაქტი შედგა არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან". 

როგორც მელია ამბობს, მათგან მხოლოდ ერთი პასუხი მიიღეს - "ხვალ იქნებ დაგელაპარაკოთო".

მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მას და თალაკვაძეს ოპოზიციის სახელით მართლაც დაუკავშირდა თინა ბოკუჩავა. 

"რაზეც განვუმარტეთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ პარტნიორების მოსაზრებებს". -თქვა მან. 

7 ნოემბერს აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველეყო დემონსტრაციის მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ჩატარება. 


close დახურვა