ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას გაუწევს კოორდინირებას.
„დაწესებული ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, შექმნილი საბჭოს პარალელურად და მის ქვემოთ, შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი. შტაბი იქნება 24 საათის განმავლობაში მომუშავე უწყება, რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რომელიც განხორციელდება და იქნება მიღებული უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში. ასევე მონაწილეობას მიიღებს გადაწყვეტილებების მომზადებაში, ასევე ანალიტიკური მასალების მომზადებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მსგავსი შტატები საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნება.
„შტაბები შეიქმნება ყველა რეგიონში და ჩვენს მოქალაქეებს დღესვე ექნებათ სრული ინფორმაცია, თუ ვინ არიან შტაბების ხელმძღვანელები. ეს შტაბები იქნებიან ადგილზე უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განმახორციელებლები და ამასთან ერთად, კოორდინაციას გაუწევენ იმას, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის და მძიმე კარანტინის პირობებში“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი ცხადდება.