logo
ENG



გახარია რურუაზე: ვიღაც პოლიტპატიმარს თუ ეძახის ან რაღაც ტელევიზიის მფლობელია, ეს ალიბი არაა

30 ივლ 202014:57
3 წუთის საკითხავი
clock 717
გახარია რურუაზე: ვიღაც პოლიტპატიმარს თუ ეძახის ან რაღაც ტელევიზიის მფლობელია, ეს ალიბი არაა

"ადამიანმა თუ დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ, რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს ეძახის ან რაღაც ტელევიზიის მფლობელია, ეს არ უნდა იყოს ალიბი იმისთვის, რომ დანაშაულიდან თავი აირიდოს", - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯას.

მისი თქმით, "საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე, თან ისეთი, რომ ბოლო წლების განმავლობაში პროგრესს განიცდის".

"საქართველოს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ადამიანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე, რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, უნდა მოიხადოს ეს პასუხისმგებლობა და უნდა იჯდეს, ან შემდგომ უნდა გამოვიდეს ან რაღაც სხვა ფორმები არსებობს იურიდიული.

ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი, ამიტომ, ადამიანმა თუ დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ, რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს ეძახის ან რაღაც ტელევიზიის მფლობელია, ეს არ უნდა იყოს ალიბი იმისთვის, რომ დანაშაულიდან თავი აირიდოს", - თქვა პრემიერმა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ რურუა პრეზიდენტმა შეიწყაროს, გახარია პასუხობს, რომ შეწყალება სრულად პრეზიდენტის უფლებაა და მან არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო. "ქართული ოცნება" შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს, თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი. 

რურუას გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მაღალჩინოსნებმა.

რამდენიმე დღის წინ, 27 ივლისს, აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგას შემდგომი ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე.


close დახურვა