logo
ENG



გახარია ძალადობაზე: ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, ეს იყო უუნარობის გამოხატულება

07 ივლ 202117:27
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრემიერი, პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებზე ხელისუფლების რეაგირებაზე ამბობს, რომ ეს იყო "არაკომპეტენტურობის პიკი", "უუნარობის გამოხატულება". ამაზე მან ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

"ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, სახელმწიფო ვერ იცავდა კონსტიტუციას, ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები, ვერ დაიცვა ტურისტები, წარმოუდგენელი იყო, რაც ვნახეთ, ეს იყო უუნარობის გამოხატულება.

მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როცა მმართველი ძალის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა გვითხრეს, ჩვენ გაფრთხილებდითო, ეს ყველაფერი ვიცოდითო და ამის იქით, თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო. არაკომპეტენტურობის პიკი", - ამბობს გახარია. 

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.

ხოლო გუშინ, 6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

 


close დახურვა