logo
ENG



გელათის მთავარი ტაძარი მეორე დღეა ბოქლომით არის დაკეტილი

14 ნოე 202112:52
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი

გელათის მთავარი ტაძარი მეორე დღეა ბოქლომით არის დაკეტილი. 

მონასტრის სტიქაროსანი ამბობს, რომ ტაძარი შიდა გამაგრებითი სამუშაოების გამო არის დაკეტილი. თუმცა, ადგილზე ამ დროისთვის არავინ მუშაობს. ამიტომ აქტივისტები ამბობენ, რომ კულტურის სამინისტრომ გელათი ფრესკების რთული მდგომარეობის დასამალად დაკეტა.

აქტივისტები კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ გამოქვეყნდეს ფოტო და ვიდეო მასალა, თუ როგორია სინამდვილეში მდგომარეობა ტაძრის შიგნით.

"მიმდინარე რთული და პოლიტიკური პროცესი ამ შემთხვევაშიც გამოყენებულია იმპროვიზაციებისთვის გელათში, წულუკიანმა... ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დახურული იყო პროცესი და ინფორმაციები არ გამოდიოდა თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს იქ, [წულუკიანმა] ამჯერად პირდაპირი მნიშვნელობით გადაკეტა გელათის ძირითადი ტაძარი, ბოქლომი დაადო და გასაღები ჩაიდო ჯიბეში" , - ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი

აქტივისტების თქმით, გელათის ფრესკები გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაშია ვიდრე ზაფხულში. აქტივისტები ამბობენ, რომ ფრესკების დაზიანების გამო, გელათის იატაკი ფერწერული ფენით არის მოფენილი.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ გელათის დაკეტვის შესახებ კულტურის სამინისტროს ტურისტული კომპანიებისთვის და გიდებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

ბოლოს გელათის ტაძარი დახურეს 2021 წლის ივლისში, როდესაც უცხოელი ექსპერტები ტაძრის მდგომარეობის შესაფასებლად იყვნენ ჩამოსული.

2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს".  გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც "შაბათის ფორმულაში" ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს.


close დახურვა