logo
ENG



გელათის ტაძარზე გამოსასწორებელ ღონისძებებს სხვა კომპანია შეასრულებს, წინა ორი დააჯარიმეს

19 იან 202115:26
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/19/u6l9fkp7kgs34r6.jpg

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს" და "იკორთა 2007"-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12000-12000 ლარს მოიცავს.

"სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასულ წელს გაცემული გაფრთხილების მიუხედავად შემსრულებელმა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს სანებართვო პირობების გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება, რაც მთელ რიგ კონსტრუქციულ ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა.
ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების მიზეზით, 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა. დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები ეროვნული სააგენტოს ინიციატივით გუშინ საღამოდანვე დაიწყო და დღეს დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოში აცხადებენ, რომ აღდგენილი მყარი გადახურვის სათანადო წესით გამაგრების პარალელურად, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვების ყველა არეალი.

"პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია "ბაგინეთი +" განახორციელებს.
სამუშაოების წარმართვას კი ფინანსურად სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები უზრუნველყოფენ. არსებული ხარვეზების გამოსწორების პროცესი სააგენტოს ინსპექციის ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობით წარიმართება", - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15 იანვარს გელათის სამონასტრო კომპლექსი პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა მოოინახულა. მისი თქმით, აუცილებელი რესტავრაციის დროს დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა. წულუკიანის თქმით, ხარვეზების სწრაფ გამოსწორებას განათლების კომიტეტიც შეუწყობს ხელს.

რამდენიმე თვის წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავს. 

ამასთან, ხელოვნებათმცოდნე, კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ იტალიელი რესტავრატორისგან მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს". 

აღსანიშნავია, რომ გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც "შაბათის ფორმულაში" ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ ფორმულას უთხრა, რომ არც ერთი მეთოდოლოგიური ხარვეზი, რომელსაც სააგენტოს ედავებიან, უწყებას დასაბუთებულად არ მოუსმენია

გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განმარტებით, კონსტრუქტორებისა და რესტავრატორების დასკვნით თანახმად, გელათის ტაძარზე დამატებითი კონსტრუქციული დატვირთვა არ იყო მიზანშეწონილი და ის თუნუქით სწორედ ამიტომ გადახურეს. 


close დახურვა