უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 17 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკეევკას, ბილოჰორივკას და დონეცკის ოლქის სპირნეს, როზდოლივკას, სოლის, კრასნა ჰორას, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კლიშივკას, პრედტეჩინეს, კურდიუმივკას, ვოდიანეს, ნეველსკეს, კრასნოჰორივკას, მარინკას და ველიკა ნოვოსილკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 114 130 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.