logo
ENG



გენშტაბი: უკრაინამ რუსეთის მიერ გამოყენებული ირანული დრონების 60% გაანადგურა

06 ოქტ 202221:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/06/wu2ie4wek4fxogl.jpg
Reuters

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯამში 86 ერთეული ირანული Shahed-136 ტიპის დრონი გამოიყენა. უკრაინამ მათი უმეტესობა, 60% გაანადგურა.

ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის მთავარი ოპერაციული დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ალექსეი ჰრომოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"ზოგადად, მტერის მხრიდან Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების დაწყებიდან დღემდე, მათ 86 ერთეული გამოიყენეს, საიდანაც 60% გავანადგურეთ“ - განაცხადა ჰრომოვმა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთმა 30 სექტემბრის შემდეგ უკრაინაში, მათ შორის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, რუსეთმა მათი უმეტესობა - 46 ასეთი დრონი გამოიყენა, მათგან 24 კი უკრაინის ძალებმა გაანადგურეს.

„30 სექტემბრის შემდეგ პერიოდში, მტერმა სხვადასხვა ტიპის 20 რაკეტა გაუშვა, მათ შორის 13 ბალისტიკური რაკეტის გამშვებიდან. მტერმა ასევე გამოიყენა 46 ერთეული Shahed-136 კამიკაძე დრონი, რათა ზიანი მიეყენებინა სამხედრო შენობებისთვის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის და სამხედრო პოზიციებისთვის, მათგან 24 დრონი გავანადგურეთ“ - განაცხადა ჰრომოვმა. 


14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კუპიანსკის სიახლოვეს ჩამოაგდეს ირანული წარმოების დრონი -  Shahed-136.

დაზვერვის თქმით, Shahed-136 ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატია, რომლის ფრენის რადიუსიც 2 500 კმ-ია. ბრიტანეთის ცნობით, მსგავსი ტიპის, ირანის მიერ წარმოებულ სისტემებს სავარაუდოდ შუა აღმოსავლეთში თავდასხმებისთვისაც იყენებდნენ.

23 სექტემბერს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარისთვის ირანული წარმოების დრონების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე აისახებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ირანის ქმედებებს "ბოროტებასთან თანამშრომლობა" უწოდა.

უკრაინამ ირანის ელჩის აკრედიტაცია გააუქმა და ირანის საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ეს რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდებაზე პასუხია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა უკრაინაში ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც განუცხადეს, რომ ირანული იარაღის მიწოდება რუსეთისთვის ეწინააღმდეგება ირანის ხელმძღვანელობის საჯარო პოზიციას ნეიტრალიტეტის, უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის პატივისცემის შესახებ.

24 სექტემბერს კი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადა, რომ ირანი იმედგაცრუებულია უკრაინის გადაწყვეტილებით, გააუარესოს ურთიერთობები ირანთან და უკრაინას მოუწოდა, "თავი დაიცვას მესამე მხარეების გავლენებისგან".


close დახურვა