საფრანგეთი და გერმანია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმაზე დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი პარლამენტია.
2 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომ "ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებლებმა მიუთითეს გარკვეულ ნაკლოვანებებზე საარჩევნო პროცესში".
გარდა ამისა, როგორც ქვეყნები ამბობენ, "საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმები პოლიტიკური დღის წესრიგის შუაგულში დარჩეს".
"ასეთი დისკუსიისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი, ვინაიდან საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებას და საბოლოო ჯამში - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას. გვსურს, ხაზი გავუსვათ ჩვენს მხარდაჭერას საერთაშორისო მედიატორების მიმართ ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან. მათ მიერ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის დახმარების მიზანი იყო, კონკრეტული რეფორმის განხორციელება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში საუბარი ასევე ოკუპაციას შეეხო და ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ისევ გამოხატავენ.
ცნობისთვის, 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს პირველი ერთპარტიული პარლამენტის სხდომა იყო. პროცესის პარალელურად ოპოზიციის ნაწილმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც მათ გაანულეს სიები, უარი თქვეს მანდატებზე და ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებნ ყოფნას.