გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა ბერლინის ადმინისტრაციულ სასამართლოში ბუნდესტაგის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ყოფილი კანცლერი ითხოვს ბერლინში, ბიუჯეტიდან დაფინანსებული პირადი ბიუროს და თანამშრომელთა შტატის დაბრუნებას, რომელიც ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ყოფილი კანცლერისთვის განკუთვნილ პრივილეგიებთან ერთად, მაისში ჩამოერთვა.
"ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილება, შეემცირებინა შრიოდერს თანხები ბუნდესტაგში მისი ოფისის აღჭურვისთვის და ოფისის მუშაობის შეჩერება, უკანონოა."- ნათქვამია იურიდიული ფირმის განცხადებაში.
შრიოდერის კრიტიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. მას აკრიტიკებენ რუსული ენერგეტიკული კომპანიებისადმი მისი ერთგულებისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირების გამო.
კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, ისევე როგორც შრიოდერი, მხარი დაუჭირა ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ეს "ლოგიკური" ნაბიჯი იყო. ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით შრიოდერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მზაობა გამოთქვა.
რუსეთთან შრიოდერის კავშირების გამო საუბარი იყო მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებაც, მაგრამ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) ორშაბათს გადაწყვიტა, რომ არ გააძევოს ყოფილი კანცლერი პარტიიდან.
პარტიის საარბიტრაჟო კომიტეტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი დისციპლინური პასუხისმგებლობა გამოწვეული უნდა იყოს SPD-ის "წესდების, პრინციპების ან წესების" დარღვევით, რაც შემდეგ კომიტეტს საშუალებას მისცემს გადაწყვიტოს, გამოიწვია თუ არა ამგვარმა დარღვევამ მხარისთვის სერიოზული ზიანი.
თავის განცხადებაში კომიტეტმა თქვა, რომ "შეუთავსებელია SPD-ის წევრობასთან" ომისკენ მოწოდება ან შეჭრის გამართლება. თუმცა, პარტიის არბიტრების თქმით, შრიოდერს ეს არ გაუკეთებია.
გერჰარდ შრიოდერი, რომელიც გერმანიის კანცლერი იყო 1998 წლიდან 2005 წლამდე, ხელმძღვანელობს Nord Stream მილსადენის კომპანიის საბჭოს.
2017 წელს ის დაინიშნა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის "როსნეფტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, მაგრამ მაისში, მასზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ თანამდებობა საბოლოოდ დათმო.
მიუხედავად იმისა, რომ შრიოდერმა თქვა, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა უკრაინაში ომით, მან უარი თქვა დაეგმო მისი ახლო მეგობარი, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
გასულ კვირას შრიოდერმა პუტინთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და თქვა: "კარგი ამბავი ის არის, რომ კრემლს მოლაპარაკების გზით საკითხის მოგვარება სურს."
მან ასევე მოუწოდა ბერლინს გადახედოს თავისი პოზიცია ახალ Nord Stream 2 გაზსადენზე, რომელიც მზად არის ექსპლუატაციისთვის.