logo
ENG



გიგაური: ოცნება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არანაირი მოლაპარაკება არ შემდგარიყო

10 თებ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა,რომ ამერიკის ელჩთან შეხვედრისას მათ გააცნეს ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავასთან დაკავშირებით. გიგაურის თქმით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი იმ განცხადებებზე, რომელიც დასავლელი პარტნიორებისგან მოვისმინეთ.

„ჩვენ რამდენიმე ელჩს გავაცანით ეს ინფორმაცია, ცხადია რომ მათ აქვთ კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულ პოზიციებს თვითონ დააფიქსირებენ მომავალში. რაც შეეხება საქმეს, ჩემთვის ეს არის საქართველოს მთავრობის რეაგირება იმ განცხადებებზე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს პრობლემები, სასამართლოსთან მიმართებაში, საარჩევნო სისტემის არ შეცვლასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით და ასევე ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, მათი რეკომენდაცია ეს იყო და ხელისუფლების რეაქცია იყო გიგი უგულავას დაკავება. ეს არ არის ის ფორმა რა ფორმაც უნდა გამოიყენოს ნორმალურმა მთავრობამ თავის პარტნიორებთან საუბრის დროს და რა თქმა უნდა ეს არ არის ადეკვატური რეაქცია “,-განაცხადა ეკა გიგაურმა.

გიგაური ასევე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები არ შემდგარიყო.

 „იქ სადაც უნდათ რომ გარკვეული მოლაპარაკებები შედგეს, მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციის ლიდერს არ იჭერენ, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არანაირი მოლაპარაკება არ შემდგარიყო“,-განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა