თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პოლიტიკოს გიგი უგულავას სასამართლო სხდომა დაატოვებინეს.
პროცესზე დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას ითხოვდა და ამბობდა, რომ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება სააკაშვილის სხდომაზე არდასწრებასთან დაკავშირებით უკანონოა. აღნიშნულს მოსამართლესა და უგულავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
"ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მხარეს ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს. არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება, რუსეთი არ აკეთებს ამას, რომ სასამართლოზე მოსვლა როცა უნდა ადამიანს, პატიმარს უარი უთხრა გამოგონილი მიზეზების გამო", - თქვა უგულავამ ჟურნალისტებთან სხდომის დატოვების შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს. პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო დარბაზში მის გადაყვანაზე უარი თქვა. უწყების თქმით, სააკაშვილი იმიტომ არ გადაჰყავთ, რომ შესაძლოა, მოხდეს "დესტრუქცია" და ხელი შეუშალონ.
უფლებადამცველები ითხოვდნენ, მესამე პრეზიდენტის პროცესი სასამართლოში ჩატარებულიყო და მას სააკაშვილი დასწრებოდა.
გუშინ, 10 ნოემბერს, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა დაურეკა და შეატყობინა, რომ გაკეთდება მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ. ადვოკატის თქმით, პენიტენციურ სამსახურს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოსთვის უარი ეთქვა, თუმცა, უწყებამ სასამართლოს მოთხოვნა მაინც არ დააკმაყოფილა.
პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი არიან პოლიტიკოსები და მოქალაქეები. აღასანიშნავია, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.
თბილისის საქალაქო სასამართლო 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეს განიხილავს.
ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარეს.