logo
ENG



გიგი უგულავა: თქვენ არ ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაგავი

24 იან 202020:19
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნება“ აგონიაშია და ავტორიტარულ მეთოდებზე გადადის, ვენდეტა ოპონენტზე, რომელიც ყოველდღიურად ამხელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“, - ასე აფასებენ ოპოზიციაში თავდასხმას ლევან ხაბეიშვილზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს უმოწყალოდ და ძველბიჭურად დაესხნენ თავს. მისივე განცხადებით, რაც უფრო მეტი ძალადობის ფაქტები იქნება, მით უფრო ნათლად დაინახავს ყველა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნას და საქართველოს მოქალაქის სახელის ტარებასაც არ იმსახურებენ.

„ლევან ხაბეიშვილს ტურებივით დაესხნენ თავს ე.წ. ქართული ოცნების ე.წ. დეპუტატები წაქცეულ ადამიანს ჯგუფურად გაუსწორდნენ. ამ ადამიანებმა უმოწყალოდ სცემეს და შემდეგ თავხედურად, ძველბიჭურად, ქუჩურად რასაც მიჩვეულები არიან განცხადებები გააკეთეს, რომ ლევან ხაბეიშვილმა ის მიიღო რაც უნდა მიეღოო. აუცილებლად წააგებთ ამ არჩევნებს და რაც უფრო მეტი ძალადობის ფაქტები იქნება მით უფრო ნათლად დაინახავს თქვენი მხარდამჭერიც კი, რომ თქვენ არათუ ხელისუფლებაში ყოფნას, არამედ საქართველო მოქალაქის სახელის ტარებასაც არ იმსახურებთ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატები ნაგვები არიან და რაც უფრო დიდხანს დარჩებიან ხელისუფლებაში მით უფრო აყროლდება რეჟიმი.

„თქვენ არ ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაგავი. ნაგავი, რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ საკრებულოდან და პარლამენტიდან. რაც უფრო დიდი ხანი დარჩება ეს ნაგავი მით უფრო აყროლდება ისე, როგორც თავის დროზე აყროლდა ასლან აბაშიძის რეჟიმი. ფურთხის და გინების ღირსია ის თითოეული ტურა ათი ერთზე ვინც ჩხუბობს. მართლა დედათქვენებს რას ვერჩი თორემ მოსაკითხები ხართ სათითაოდ იმიტომ, რომ არ გესმით რა არის დეპუტატი. ჩვეულებრივი არშემდგარი ბიჭები, ქუჩის ბიჭები ხართ,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოში ხმაური იყო. უმრავლესობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი ცემა წინასწარ იყო დაგეგმილი და ამის მიზეზი კი მისი მხრიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შესახებ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც მათ დაბალ ხელფასს შეეხებოდა.


close დახურვა