logo
ENG



გიორგი ვაშაძე: წითელი ხაზები, რომ რაღაცას არ ვიხილავთ, ასე არ არის, ყველაფერს განვიხილავთ

01 მარ 202123:52
3 წუთის საკითხავი
 
გიორგი ვაშაძე: წითელი ხაზები, რომ რაღაცას არ ვიხილავთ, ასე არ არის, ყველაფერს განვიხილავთ

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, მთავარი განსახილველი საკითხი იყო, მზად არიან თუ არა მხარეები დიალოგისკენ. 

მისივე შეფასებით, "დიალოგმა სხვა დონეზე აიწია და პირადად ევროკავშირის პრეზიდენტი იქნება ჩართული ამ დიალოგის შედეგით დასრულებაში".

"აქვე მინდა ვთქვა, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი შეგვიძლია გვქონდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილია ყველაფერი, იმიტომ რომ არ გვისაუბრია კონკრეტულად ალტერნატიულ გადაწყვეტის გზებზე. ჩვენ, ოპოზიციამ ვთქვით, რომ დიალოგში მივიღებთ მონაწილეობას და თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, რომ იქაც მივიღოთ მონაწილეობა.

ოპოზიციამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების საკითხიც. არ იყო ეს შეხვედრა იმისთვის, რომ დეტალურად განგვეხილა თითოეული პოზიცია. ეს შეხვედრა პირდაპირ ემსახურებოდა იმას, არიან თუ არა მხარეები მზად ევროკავშირის უშუალო მოდერაციით და არა ფასილიტაციით, გავაგრძელოთ ეს საუბარი. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ.

წითელი ხაზები, რომ რაღაცას არ ვიხილავთ, ასე არ არის, ყველაფერს განვიხილავთ და ყველაფერზე ვსაუბრობთ",  განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება პლებისციტს, ვაშაძის თქმით, ამაზე საუბარი შეხვედრაზე არ ყოფილა. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შარლ მიშელმა კონკრეტული ჩარჩო მოიტანა, რომელშიც კონკრეტული საკითხებია გაწერილი. ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, წარმოდგენილი საკითხების გადაწყვეტა შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს.

გირჩი მეტი თავისუფლების დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ კი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე განიხილება 6 საკითხი და მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხებიც.

მიშელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრები გამართა. მიშელი ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. 

 


close დახურვა