logo
ENG



გიორგი ვაშაძე: ხელისუფლებისგან მე ვერ ვგრძნობ საკმარის ქმედებას

15 დეკ 201912:17
3 წუთის საკითხავი
 
f88v1d7q0tlfg7p.jpg

„ხელისუფლებისგან მე ვერ ვგრძნობ საკმარის ქმედებას“, - ამ განცხადებას „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აკეთებს. მისი თქმით, მთავრობას მეტი ბერკეტი აქვს სამუშაოდ.

„ვაჟა გაფრინდაშვილი არის თანამედროვეობის გმირი და ყველა მას უნდა დაუდგეს გვერდში, მაგრამ ხელისუფლებისგან მე ვერ ვგრძნობ საკმარის ქმედებას. ვერ ვგრძნობ ჩვენი პარტნიორების საკმარის ჩართულობას, რომელიც ხელისუფლების აქტიურობით უნდა იყოს განპირობებული", - განაცხადა ვაშაძემ.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მივიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმოამდგენლებიც. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არასაკმარის ქმედებებს მიმართავს ექიმის გასათავისუფლებლად.

„ხელისუფლება რომ აკეთებდეს ყველაფერს, რაც შეუძლია, ვაჟა ექიმი აქამდე თავისუფალი იქნებოდა. ჩვენ გვესმის მხოლოდ განცხადებები და გულისტკივილი, მაგრამ არა ქმედება. ამის ფონზე კი ვკითხულობთ მათივე წარმომადგენლების მიუღებელ განცხადებებს სოციალურ ქსელში", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავა აქციაზე მისულმა რატი იონათაიმშვილმა. უმრავლესობის წევრის თქმით, ის ექიმისთვის სოლიდარობის გამოსახატად მივიდა აქციაზე.

„მე დღეს აქ მოვედი სოლიდარობის გამოსაცხადებლად. დარწმუნებული ვარ, ექიმი არის ბევრად თავისუფალი, ვიდრე ის ოკუპაციური რეჟიმი, რომელსაც ის ტყვეობაში ჰყავს", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.

აქციაზე მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ექიმსა და მის ოჯახს და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს.

„მოთხოვნა ერთადერთია, რომ ვაჟა ექიმი უნდა დაუბრუნდეს ოჯახს. ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ეს მოხდეს. ყველა პარტნიორმა და მეგობარმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს ზეწოლა, რათა ეს ადამიანი მალე დაბრუნდეს ოჯახში", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 37-ე დღეა, ოკუპაციური რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის არ აღიარებს საზღვრის გადაკვეთას და ამბობს, რომ საქართველოში იმყოფება.


close დახურვა