logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ნავოდჩიკები" ხელისუფლებაში

05 აგვ 202222:10
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში რუსების მიმართ ქსენოფობიური განწყობების თაობაზე დღეს "რია ნოვოსტიდან" დაწყებული თითქმის ყველა რუსული პორტალი იუწყებოდა. კობახიძის ფოტოებით დამშვენებულ ამ სტატიებს ქვევით თემატური გაგრძელება აქვს. რუსები საქართველოს ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ქართულ ბანკებში უცხოელების ანგარიშების მოცულობამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. აქვეა აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ 2021 წელს, ანგარიშების მოცულობით ქართულ ბანკებში უცხოელებიდან საპატიო პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

"ნავოდჩიკ-კორექტიროვშიკი" – ცეცხლის მომმართველ-მაკორექტირებელი. ადამიანი, რომელიც ჯარების სხვადასხვა სახეობას გასანადგურებლად აწვდის მოწინააღმდეგის პოზიციის კოორდინატებს და სამიზნის განსაზღვრაში ეხმარება.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ განმარტების კლასიკურ ფორმულირებაში ჯდება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, სპეციალურ ბრიფინგზე, მთელი მსოფლიოს და პირველ რიგში მოსკოვის გასაგონად ამტკიცებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქსენოფობი და შოვინისტია. და რომ შოვინიზმის სუბიექტები საქართველოში რუსები არიან.

ახლა გავიხსენოთ რაში გვადანაშაულებს სისტემატურად პუტინი და მედვედევი: ქართულ შოვინიზმში - აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში;
ახლა გავიხსენოთ რა წერია რუსეთის სამხედრო დოქტრინაში, თავი 22-ე: ,,რუსეთის ფედერაციას მიაჩნია მართლზომიერად შეიარაღებული ძალების და სხვა ორგანოების გამოყენება.. რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ მყოფი მისი მოქალაქეების დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად". ასევე დოქტრინის 33-ე თავი: "რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად შეიარაღებული ძალების ფორმირებები ოპერატიულად შეიძლება იქნენ გამოყენებული რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ".

ახლა გავიხსენოთ ჩვენს თვალწინ ჯერ კიდევ მიმდინარე აგრესია უკრაინაში და ოფიციალური საბაბი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილ და დეკლარირებულ დოკუმენტშია წარმოდგენილი: სპეცოპერაციის მიზანს წარმოადგენს ნეონაცისტური ჯგუფებისგან უკრაინის ტერიტორიის გაწმენდა და რუსულად მოლაპარაკე და რუსულენოვანი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, ანუ დენაციფიკაცია.

ახლა დავბრუნდეთ კვლავ საქართველოში და კვლავ გავიხსენოთ ივანიშვილის მოლაპარაკე თავის დღევანდელი (და სხვათა შორის არა პირველი ) განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციური ჯგუფები (რომელთ უკანაც ელექტორალური უმრავლესობაა), სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველი, მედია და არასამთავრობო სექტორი ქსენოფობიისა და შოვინიზმის კულტივირებას ეწევა, რისი შედეგიცაა ის, რომ "რუსი ეროვნების ქალს ჯერ ქვები" დავუშინეთ და მომავალში კაცმა არ იცის რა მოხდება.

ახლა დაფიქრდით: ამ სახელმწიფოებრივი მავნებლობის ავტორები რასაც ამბობენ -წინდაუხედაობით, უცოდინარობით, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ მიზნებზე მორგებული სტრატეგიიდან გამომდინარე მოქმედებენ, თუ უცხო, მტრული, უკიდურესად აგრესიული და ბოროტი სახელმწიფოს მოქმედებისთვის პლატფორმის შესაქმნელად.

უკრაინაში ასეთ "ნავოდჩიკ-კორექტიროვშიკებს" ეძებენ, პოულობენ და პასუხისგებაში აძლევენ. აქ, საქართველოში, "ნავოდჩიკები" მთავრობაში გვყავს. ფორმალურად ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლების მანდატით აღჭურვილი ოცნების ლიდერები ისეთივე ყალბ ნიადაგს უქმნიან კრემლს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებისთვის, როგორც ზუსტად 100 წლის წინ ქართული შოვინიზმის, ოსებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების "გენოციდის" და აჯანყებულ მუშათა უფლებების დასაცავად შემოსულ ბოლშევიკებს ჰქონდათ ფალსიფიცირებული.

ვიცი, ასეთი ბრალდებები ოცნების მხარდამჭერებისთვის მძიმე მოსასმენია. მეც ძლივს ვიჯერებ, როგორი თავხედობით და უწყვეტი თანმიმდევრულობით, მიზანმიმართულად ქმნიან ქართული ოცნების პოლიტიკოსები რუსული აგრესიის საბაბს და წინაპირობებს: ქართველების უმრავლესობა ვართ შოვინისტები და ქსენოფობები აქ მყოფი რუსების მიმართ, მოსკოვს აქვს დეკლარირებული დოქტრინა, რომელიც ზუსტად ანალოგიური გამოვლინებების შემთხვევაში, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიური სამხედრო მოქმედების ლეგიტიმაციას აძლევს და პარალელურად, სწორედ დენაციფიკაციის მიზნით უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაცია" მიმდინარეობს.

მეტი რაღა მინიშნება გვინდა, კიდევ რა მასშტაბისა და შინაარსის ფაქტების ერთობლიობა გვჭირდება იმის გასააზრებლად, რომ ჯგუფი, რომელიც ლამის მთელ დანარჩენ ქვეყანას და ცივილიზებულ მსოფლიოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს, თავადაა ომის, დაუსრულებელი პროვოკაციების და დაპირისპირების ინსპირატორი, თავადაა ომის და დაპირისპირების პარტია.

დღეს კი... დღეს ,,ნავოდჩიკის“ სიგნალი წარმატებით მიღებულია: რუსული მედიის სათაურებში ქართული მთავრობის ბრალდებას ქართულ შოვინიზმზე საკადრისი ადგილი უკავია...


close დახურვა