ორი დღის წინ კობახიძემ თქვა რომ კორუფციაში ბრალდებული თანაგუნდელების დაკავებისა და ჩხრეკის შედეგად "ბიუჯეტში უკვე 60 მილიონი ლარი იქნა მიქცეული" ( ანუ ბიუჯეტში აისახა ), იმავე დღეს მან კიდევ ერთხელ გაიმეორა - მხოლოდ "საშტატო ოპტიმიზაციის შეედეგად 70 მილიონი ლარის ეკონომია გავაკეთეთ.." 60-ს პლუს 70 მლნ, ანუ უკვე გაჩნდა დამატებით 130 მლნ ლარი ბიუჯეტში. სად მიდის თუნდაც ეს ფული? შეგახსენებთ - ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა უფასო კვების პროექტის უზრუნველყოფა ჯდება სამოცი მილიონი ლარი. ანუ მოზარდების საკვების უზრუნველყოფას იმის ნახევარი ყოფნის, რაც ივანიშვილის პრემიერმა ბიუჯეტის შემოსავლის დაუგეგმავ ნამატად შემოგვასაღა, შესწავლილი, დამუშავებული და გადაუდებელი სააჭიროების პრობლემის, ანუ ბავშვების არასათანადო კვების მოგვარებაზე არაფერს გვეუბნებიან და ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმაზე საუბრით გვაბოლებენ, ანუ "სტრატეგიულად გვაკვამლიანებენ.."
საქართველოს ამბების ყოველდღიური ქრონიკა ერთი და იმავე სცენარს მიყვება: ძალოვანი უწყებები ავლენენ უკანონო შემოსავლებს, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და გათეთრების სქემებს; მარალჩინოსნების ნაწილს აკავებენ, სხვებს ლამის მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ. ბრალდებულთა და ეჭვმიტანილთა უმეტესობა, წლების განმავლობაში, არა მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის გავლენიანი წევრები იყვნენ, არამედ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიების სახეებიც, ზოგჯერ - მთავრობის ხელმძღვანელებიც.
დემოკრატიულ ტრადიციაში ასეთ ვითარებას ორი პირდაპირი ნაბიჯი მოყვება: ბოდიში და პოლიტიკური პასუხისმგებლობა - მთავრობის და პარტიის ლიდერების მიერ თანამდებობების დატოვებით და მანდატის განახლების მოთხოვნით.
ჩვენთან კი, სინანულის ნაცვლად, კობახიძე "ქვეყნის განვითარების 10-წლიან პროგრამებზე" ლაპარაკობს, თითქოს ნდობის კრიზისი კალენდრით წყდებოდეს და არა პოლიტიკური ანგარიშვალდებულებით.
რა თქმა უნდა საქმე იმაზე მძიმედაა, ვიდრე "ანგარიშვალდებულების დეფიციტი". გუნდის წევრების მცირე გადაცდომებზეც კი მთელი მთავრობების გადადგომსა და ვადამდელი არჩევნების ევროპული პრეცედენტების შეხსენებას აზრი აქვს დაკარგული.. იქაური ამომრჩევლისადმი ანგარიშვალდებულების სტანდარტებზე სწორებაც არარელევანტური ანალოგია.
საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის არქიტექტურას ბოლო მახასიათებლები აკლდა და ეს "დეფიციტიც" ივსება: პარტიების აკრძალვა, გამოხატვის უფლების კრიმინალიზება, კრიტიკულ მედიაზე სამართლებრივი და ფინანსური წნეხი - ეს არის სისტემური არჩევანი, სადაც ძალაუფლება ცდილობს მოქალაქის არჩევანი - ლოიალობის კონტრაქტით ჩაანაცვლოს. როდესაც იგივე პოლიტიკოსები, რომლებიც თანამდებობრივად და ინსტიტუციონალურად თავად იყვნენ კონტროლზე პასუხისმგებლები ცინიკურად დეკლარირებენ "ახალ კურსს". ივანიშვილის მართვის პრინციპი სულ უფრო მეტად ემსგავსება პუტინისეულ მოდელს, სადაც: არჩევნები ფორმად, ინსტიტუტები დეკორაციად, მედია კი სამიზნედაა გადაქცეული.
„გამოძიება მიმდინარეობს“ ვერ იქნება პოლიტიკური ალიბი მაშინ, როცა თავად ივანიშვილის მიერ ფორმირებული პოლიტიკური სისტემა არათუ ახალისებს - ეყრდნობა ბიუჯეტის ვიწრო პარტიული მიზნებით გამოყენებას. სახელმწიფოს რესურსი იქცა პარტიული მანქანის საწვავად, ამ სასტიკ და კორუფციულ სისტემას ხალხი მარტო იმისთვის ჭირდება, რომ მისგან ხარკი აკრიფოს და შიგადაშიგ მისივე ძარცვის მანდატი არჩევნებად წოდებული იძულებითი სქემებით ფორმალურად განაახლებინოს.
როდესაც თავად აღიარებენ, რომ სახელმწიფო კორუფციულ ჭაობშია, დემოკრატიული სამყაროსგან მზარდ იზოლაციაში და ქვეყანა ქართველებისგან იცლება, "10 წლიანი განვითარების სტრატეგია" არის პასუხისმგებლობისაგან გასაქცევი ხელოვნური "ბოლი.." ნდობა კორუფციის წინააღმდეგ კობახიძის შერჩევითი "ბრძოლით" არ ბრუნდება - პოლიტიკურად მოითხოვს ბოდიშს, გადადგომას და მთელი ხელისუფლების მანდატის განახლებას. სხვაგვარად ყველაფერი იმიტაციაა, ოცნების პირობებში განვითარების 10 წლიანი სტრატეგია კი არა "სტრატეგიულ დაკვამლიანებაა" - რომელიც გვაშორებს ევროპულ წესრიგს და უფრო ღრმად გვიბიძგებს პუტინის ჭაობისკენ.
ან დავადგებით ნორმალური პოლიტიკის გზას - ახალი არჩევნებით და ინსტიტუტების აღდგენით, ან დავტოვებთ ქვეყანას საკუთარი ხალხის მიმართ ზიზღით სავსე ცინიკოსების და მძარცველების საჯიჯგნად.
