როგორი სიმბოლურიც არ უნდა იყოს 25 მარტი საქართველოს ეკლესიისთვის, წელს ეს თარიღი განსაკუთრებით მძიმედ და სევდიანად დადგა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღნიშნა, მაგრამ პირველად იმ ვითარებაში, როცა ეს დღე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ფიზიკური დასწრების გარეშე მოვიდა. დღესვე სიონის საკათედრო ტაძარში აღევლინა მსახურება და პანაშვიდი მისი გარდაცვალებიდან მეცხრე დღესთან დაკავშირებით. ამის გამო, დღევანდელი დღე მხოლოდ საეკლესიო კალენდრის მნიშვნელოვან თარიღად ვერ დარჩებოდა. ისტორიული სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული გამარჯვება და სიხარული და ეროვნული სევდა დღეს ერთმანეთს სიონში შეხვდა.
ავტოკეფალია, სიტყვასიტყვით, ნიშნავს “თვითმმართველობას”, ,,თვითთავობას“, “თვითთავადობას” - ეკლესიის ისეთ მდგომარეობას, როცა ის საკუთარ უმაღლეს იერარქს თავად ირჩევს, საკუთარ ცხოვრებას თავად განაგებს და გარედან, სხვა საეკლესიო თუ პოლიტიკური ცენტრიდან არ იმართება. ქართული ეკლესიისთვის ეს ტერმინი მხოლოდ კანონიკური ცნება არ არის; ეს არის ისტორიული თავისუფლების ფორმულა. ამიტომაც 25 მარტი მხოლოდ ძველი უფლების გახსენება კი არა, მუდმივი გამოცდაა - რამდენად რეალურია ეს თავისუფლება დღეს?!
ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღდგა, ხოლო მისი საერთაშორისო და სრული აღიარების გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ილია მეორის ძალისხმევას. სწორედ მისი უშუალო მონდომებით მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად ცნო. ამიტომ, როცა დღეს ილია მეორეს გარეშე აღევლინა მსახურება, ეს მხოლოდ ემოციური დანაკლისი არ ყოფილა - ამ მომენტს განსაკუთრებულ მგრძნობელობას სძენდა იმ ადამიანის როლის გააზრება რომელმაც ავტოკეფალიის არა მხოლოდ ისტორიული მეხსიერება, არამედ მისი თანამედროვე საერთაშორისო ლეგიტიმაციაც დაიცვა და განამტკიცა.
ამიტომაც დღევანდელი დღის მთავარი სიტყვა, ჩემი აზრით, არის არა მხოლოდ “ხსოვნა”, არამედ “შინაარსი”. რას ნიშნავს ავტოკეფალია მაშინ, როცა ეკლესია შედის ილია მეორის შემდგომ ეპოქაში? ყველამ კარგად იცის, რომ ის მასშტაბი, სიყვარული, გავლენა და ნდობა, რომელიც ილია მეორეს ჰქონდა, ვერ გადაიცემა მექანიკურად, ვერ ინიშნება ბრძანებით და ვერც მემკვიდრეობით გადადის. ვინც არ უნდა გახდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, მას დასჭირდება წლები, რათა მხოლოდ მიუახლოვდეს იმ მორალურ სიმაღლეს, რომელიც საზოგადოებრივ ცნობიერებაში ილია მეორეს უკავშირდებოდა. და სწორედ ამიტომ, ამ გარდამავალ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის არა მხოლოდ ვინ იქნება შემდეგი, არამედ როგორი იქნება ეკლესიის შინაგანი თავისუფლება ამ არჩევანის წინაშე.
თუ ავტოკეფალია მხოლოდ თარიღად დარჩა და რეალურ ცხოვრებაში ეკლესია შიდა თუ გარე ძალების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, მაშინ ეს სიტყვა ცარიელ ფორმულად იქცევა. ავტოკეფალია რეალურად ნიშნავს, რომ ეკლესიამ საკუთარი ნება თავად უნდა გამოხატოს; რომ წმინდა სინოდმა უნდა იმსჯელოს თავისუფლად; რომ მომავალი პატრიარქი არ უნდა “დაინიშნოს” არც სახელისუფლებო განწყობებით, არც ჩრდილოვანი გავლენებით, არც მედია-კამპანიებით, არც ძალდატანებული ფსევდო-კონსენსუსით. ეკლესიის დამოუკიდებლობა მხოლოდ მოსკოვისგან, ან კონსტანტინოპოლისგან დამოუკიდებლობა არ არის. ეკლესიის დამოუკიდებლობაა, პირველ რიგში, გათავისუფლება ყველა იმ შიდა მარწუხისგან, რომელიც მის თავისუფალ, ღვთისგან ბოძებულ და დიდი პატრიარქის - ილია მეორის მიერ მოპოვებულ და დაცულ ნებას წინასწარ ჩაანაცვლებს.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებოა ის კამპანია, რომელიც უკვე მიმდინარეობს წმინდა სინოდის წევრების მიმართ. ოცნების პროპაგანდის რესურსებიდან საჯარო სივრცეში გაჩნდა პირდაპირი მოწოდებები, რომ სინოდმა გადაწყვეტილება ერთ კონკრეტულ კანდიდატზე შეაჩეროს და ფაქტობრივად ალტერნატივები მოიხსნას.
ამ გზავნილების ავტორები პროცესს არა როგორც თავისუფალ საეკლესიო არჩევანს, არამედ როგორც წინასწარ განსაზღვრულ შედეგს წარმოაჩენენ - სადაც განსხვავებული პოზიცია უკვე არა აზრის გამოხატვა, არამედ ერთგვარი „გადახვევაა“ ,,სწორი ხაზიდან.“ მეტიც სახელისუფლო არხის წამყვანი გაჩეჩილაძე ( იგივე უცნობი) ეპისკოპოსებს პირდაპირ მოღალატეების თიკუნს კიდებს.
ეს მიდგომა თავისთავად ეწინააღმდეგება იმ იდეას, რასაც ავტოკეფალია გულისხმობს. რადგან თუ არჩევანი წინასწარ ფორმირდება საჯარო ზეწოლის, კამპანიების, ან მორალური შანტაჟის ფონზე, მაშინ ეკლესიის თავისუფალი ნება რეალურად ჩანაცვლებულია.
და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია არა კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერა, არამედ პრინციპი - უნდა დარჩეს თუ არა ეს პროცესი თავისუფალი. ეკლესიის ძალა სწორედ იმაშია, რომ მის შიგნით გადაწყვეტილებები მიიღება სიჩუმეში, ლოცვით, პასუხისმგებლობით და გარე ზეწოლის გარეშე და არა საჯარო კამპანიების ლოგიკით.
მიჭირს დაჯერება, რომ ეს სამარცხვინო გამოხტომები შეიძლება მოსწონდეს თავად მოსაყდრე შიოს, ან მის გულშემატკივრებს. კიდევ უფრო ძნელია დაჯერება, რომ მსგავსი წნეხი შეიძლება მისაღები იყოს წმინდა სინოდის წევრებისთვის. მაგრამ სწორედ აქ არის დღევანდელი დუმილის პრობლემა: როცა ეკლესიის შიგნით თავისუფალ არჩევანზე საჯარო შეტევა მიმდინარეობს და ამის საპირწონედ მკაფიო, პრინციპული დისტანცირება არ ისმის, ეს დუმილი უკვე უბრალოდ დუმილი აღარ არის - ის ძალიან ხმაურობს.
ამიტომ, დღევანდელი 25 მარტის მთავარი კითხვა ასეთია: მხოლოდ ავტოკეფალიის თარიღს ავღვნიშნავთ, თუ გავბედავთ მისი არსის დაცვასაც? რადგან ავტოკეფალია მაშინ იწყება, როცა ეკლესია საკუთარ თავს თვითონ ეკუთვნის. როცა სინოდს არავინ კარნახობს. როცა პატრიარქს სახელისუფლებო მედია-ტერორით არავინ “ამზადებს”. როცა სიწმინდე არ გამოიყენება ძალაუფლების ინსტრუმენტად. და თუ ილია მეორეს ხსოვნას დღეს მართლაც ღირსეულად უნდა მივაგებდეთ პატივს, ამის ყველაზე სწორი ფორმა იქნებოდა არა მისი სახელით ვიღაცის უალტერნატივოდ გამოცხადება, არამედ იმ თავისუფლების, ავტოკეფალიის - ,,თვითთავობის“ დაცვა, რომლის გაძლიერებისთვისაც მან მთელი ცხოვრება იღვაწა.
