logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ბალტინის აჩრდილი ოჩამჩირიდან

08 ოქტ 202320:43
3 წუთის საკითხავი
 

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ფლოტის ბაზირების გადაწყვეტილებამ ოცნების ხელისუფლება პრემიერის დონეზე გახადა იძულებული ამ ფაქტს გამოხმაურებოდა. მიზეზი მარტივია: ქართულ საზოგადოებას სწორედ ის ნერვი შეუტოკდა, რომელიც ომის საფრთხეს უკავშირდება. მართალია აფხაზეთში არაერთი რუსული ბაზაა, თუმცა ანაკლიიდან 35 კილომეტრში რუსული გემების განლაგება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ აქტიურ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობენ და შეიძლება კიევის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეც გახდნენ, პირდაპირ ომის საფრთხესთან ასოცირდება. რამდენად რეალისტურია ეს საფრთხე, ამაზე მე არაფერს ვიტყვი, რადგან მოგვიანებით ჩემი სტუმარი დაწვრილებით ისაუბრებს, თუმცა მინდა თავად ამ ფაქტისა და მასზე რეზონანსის რამდენიმე საინტერესო თავისებურებას შევეხო:

სანამ ბჟანია ამ საკითხის შესახებ განაცხადებდა, ლავროვთან მისი აუდიენციის დროს არანაკლებ საშიში და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დამაზიანებელი კომენტარები გაკეთდა, თუმცა ოცნების ხელისუფლება ყველა დონეზე სრულ დუმილს ინარჩუნებდა. ანუ, რომ არა ოჩამჩირესთან მიმართებაში სამხედრო საფრთხის ზრდის კომპონენტი და მასზე მოსახლეობის მხრიდან შესაძლო პანიკური რეაგირება, სულაც არ არის გამორიცხული რომ საქართველოს მთავრობას ეს ამბავი საერთოდ არ შეემჩნია. აშკარაა, რომ მოსკოვი დღეს უკვე ჩვენს ტერიტორიას ისე ექცევა, თითქოს საქართველო, როგორც სახელმწიფო სუბიექტი - აღარ არსებობდეს. თუმცა, ბევრად უარესია ის, რომ ანალოგიურად მოქმედებს ივანიშვილის მთავრობაც. კრემლში საჭიროდაც აღარ თვლიან საქართველოს ხელისუფლებისთვის, ვითარების შესარბილებლად მაინც, ასეთ გადაწყვეტილებებს რამდენიმე წინადადებიანი განმარტება მოაყოლონ. ქართულ ოცნებაში კი მტრული სახელმწიფოს აშკარად მტრულ ნაბიჯზე სიტყვიერი რეაგირების აუცილებლობასაც ვეღარ ხედავენ, ბუნებრივია იმ შემთხვევის გარდა თუ ეს მათ პოლიტიკურ ძალაუფლებას არ უქმნის საფრთხეს.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის განთავსების გადაწყვეტილება და მასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების ქცევა, რუსეთის მხრიდან ქართული სახელმწიფოს "მონელების" პროცესის ახალ ფაზაში გადასვლაზე მიგვანიშნებს: მისი, როგორც სახელმწიფო სუბიექტის მიმართ მგრძნობელობა საერთოდ განულდა. ვითარება უფრო რთულია, ვიდრე 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მოსკოვის მხრიდან პროვოცირებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად პრეზიდენტი შევარდნაძე სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და იძულებული გახდა კრემლისთვის სამხედრო დახმარება ეთხოვა. მალევე, ფოთის პორტში ადმირალ ბალტინის მეთაურობით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი შემოვიდა. გემიდან გადმოსული ტანკები და მძიმე ტექნიკა ქუთაისისკენ დაიძრა, რამაც შევარდნაძის ხელისუფლებაში დარჩენასა და საქართველოს ესენგე-ში გაწევრიანებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ძალიან მძიმე და არასასიამოვნო ისტორიული ალუზიაა, თუმცა, ის რაზეც ახლა ვსაუბრობ მოხდა არა 100 ან 200-ი, არამედ 2 ათეული წლის წინ, ჩვენს თვალწინ და რაც კვლავ შეიძლება განმეორდეს. კვლავ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი; მაშინაც - მოსკოვი ძლიერების პიკზე ნამდვილად არ იმყოფებოდა და მაშინაც - საქართველოს შიგნით, რუსეთის მიერ ინსპირირებულ და აგორებულ პოლიტიკურ წინააღმდეგობებზე კაპიტალიზებით გათამაშდა სცენარი, რომელშიც რუსმა სამხედროებმა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

ჩემთვის სრულიად გასაგებია ექსპერტების, პოლიტიკოსების, თუ ჩვენი საზოგადოების რიგითი წევრების უკიდურესი შეშფოთება, რაც ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გადაწყვეტილებას უკავშირდება, თუმცა, გაცილებით საყურადღებოა საერთო სურათის დანახვა, რომელიც ისტორიულ კონტექსტში კიდევ უფრო დიდ საფრთხეზე - ქართული სახელმწიფოს გაუქმების პერსპექტივაზე მიგვანიშნებს. მითუმეტეს, როდესაც საქართველოს დღევანდელი ლიდერები არც შევარდნაძეები არიან და არც გრძელვადიანი გეოპოლიტიკური თამაშისთვის აქვთ მზადყოფნა და შესაბამისი უნარები. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილმა მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან თამამად მოგვახსენა "ძალიან ოსტატურად მოვახერხეთ მანევრირებაო", სინამდვილეში ეს მანევრირება არ არის. ეს ჩასაძირად განწირულ რუსულ გემზე აბორდაჟის და ქვეყნის მომავლის ბოლომდე მოსკოვზე მიბმის მცდელობაა.

ბალტინის ფოთში შემოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში, საქართველოს პარლამენტში კენჭისყრა შედგა და 1 ხმის უმრავლესობით გადაწყდა, რომ ქვეყანა ესენგე-ში შესულიყო. მაშინ ამ გადაწყვეტილებას მემკვიდრეობითი რუსეთუმეების გარდა, რამდენიმე ისეთმა პოლიტიკურმა ფიგურამაც დაუჭირა მხარი, რომლებმაც შემდგომში საქართველოს დასავლეთისკენ შემოტრიალების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. თუმცა, მაშინ, რუსულ თამაშზე აყოლით, ქვეყანა და მისი პოლიტიკური კლასი ჩადგა ვითარებაში, როდესაც არჩევანი უკვე კარგსა და ცუდს შორის კი არა, ცუდსა და უარესს შორის მოხდა. და მაშინ პოლიტიკოსებმა უმძიმესი არჩევანი ქართული სახელმწიფოებრიობის საერთოდ გაუქმებასა და მის ესენგე-ში, ანუ სახეცვლილ საბჭოთა კავშირში შესვლას შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთეს.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქეთ მივყავართ დღეს ქართულ ოცნებას. და ნუ გაგვიკვირდება, თუ უცბად აღმოვაჩენთ, რომ ივანიშვილს საკუთარი თავისა და ძალაუფლების გადასარჩენად, კვლავ "ბალტინის" მოხმობა დაჭირდეს და შორს რომ არ წავიდნენ, იგივე მარშრუტის გამეორება, რაც 90 იანი წლების დასაწყისში რუსულმა ტანკებმა გამოიარეს, უკვე ოჩამჩირიდან გახდეს შესაძლებელი. დასავლეთ, ნატო და ევროკავშირ მოძულებული საქართველო კი დარჩეს მარტო, რუსეთის ამარა და აღმოვჩნდეთ ვითარებაში, როდესაც ფორმალურად სახელმწიფოს შენარჩუნების, და ვითომცდა ქვეყნის გაერთიანების ეგიდით, კვლავ ლპობადი "რუსკი მირ"-ის წიაღში ამოვყოთ თავი.


close დახურვა