logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: გაკოტრების სპირალი

20 სექ 202321:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/vjm5afdmkhtktj2.jpg

ავტორიტარიზმი - ეს არის ურჩხული, აი, ზღაპრებში რომ არის ისეთი, რომელსაც რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი მსხვერპლი სჭირდება. აქამდე ივანიშვილის ავტორიტარიზმმა შეჭამა პროკურატურა და სასამართლო; შექმნა სერიოზული პრობლემები კრიტიკულ მედიასთან მიმართებაში; არაერთ სფეროს გაუუქმა ავტონომია; პრაქტიკულად, არ დატოვა ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ბოლომდე არ გადაყლაპა და მოინელა.

თითქმის ერთადერთი სფერო, რომელიც შედარებით ნაკლებად ზიანდებოდა და ხელისუფლების უხეში ჩარევაც ნაკლებად ეტყობოდა, ეროვნული ბანკი და საბანკო სექტორი იყო. ამას თავისი ახსნაც აქვს: თავად ივანიშვილის ავტორიტარული სისტემის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი, სწორედაც რომ, ქართული ბიზნესისა და საფინანსო-საბანკო სისტემის მდგრადობა იყო. ანუ, ის სოციალური კონტრაქტი, რომელიც ბიზნესის სფეროს მეტ-ნაკლებ ხელშეუხებლობასა და სტაბილურობას უკავშირდებოდა და ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან დღემდე ეფექტურად მუშაობდა.

ოცნების "ობშიაკის" მეთვალყურე "ფარცხალაძეების" მიერ მსხვილი ბიზნეს-ინტერესების სათავისოდ დალაგებასა და სახელმწიფო ტენდერებსა და საბიუჯეტო რესურსზე პარაზიტობას თუ არ ჩავთვლით, ზოგადად ბიზნესი საქართველოში შედარებით დაცულ და სტაბილურ გარემოში ოპერირებდა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც, მიუხედავად იმისა, თუ რის ხარჯზე იყო ეს ზრდა, ბიზნესის მოგებაზეც შესაბამისად აისახებოდა.

თუმცა მორიგი მსხვერპლის დროც დადგა… სახელმწიფო ეს მე ვარ! შეგვახსენა ივანიშვილმა და ფარცხალაძის სანქცირებაზე ეროვნული ბანკის მიერ შეცვლილი გადაწყვეტილებით ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემა ამერიკულ და საერთაშორისო რეგულაციებს დაუპირისპირა.

მივადექით წერტილს, სადაც მრავალი წლის შემდეგ პირველად, გაჩნდა ფინანსური დესტაბილიზაციის აშკარა საფრთხე: ქართული ბიზნესის სტაბილურობა ფინანსურ სტაბილურობაზე დგას, საფინანსო ინსტიტუტების სიმყარე კი რამდენიმე მსხვილი, ე.წ. სისტემური ბანკის ფინანსურ მდგრადობაზეა დამოკიდებული. თავის მხრივ, ამ ბანკების მედეგობა - ეროვნული ბანკის ავტონომიურობაზე, თანმიმდევრულობასა და საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში მის სინქრონულ ჩართულობაზე.

იმით, რაც ჯერ კობახიძემ, შემდეგ კი თურნავამ ივანიშვილის ბრძანებით გააკეთეს - ავტორიტარიზმი შეეხო სისტემას, რომელიც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას უკავშირდება. მთელი ეს ვერტიკალი სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რის გამოც, უკვე დაზიანდა ნდობა ქართული საფინანსო სისტემის მიმართ და შეიქმნა ისეთი პრობლემები, რაც შეუძლებელია ქართულ ბიზნესზე მკვეთრად უარყოფითად არ აისახოს.

მაგრამ ეს მხოლოდ ბიზნესს არ ეხება. მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე კოლოსალური გავლენის მქონე ამერიკის ხაზინის სანქციების წინააღმდეგ წასვლა იმდენად თავზეხელაღებული ნაბიჯია, რომ მსგავს რამეს შვეიცარიის მრავალსაუკუნოვანი ბანკებიც ვერ ბედავენ.

ფარცხალაძეზე გადაფარებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს საერთაშორისო სანქციები, რომლის ქვეშაც ეროვნული ბანკის გარდა, კომერციული ბანკებიც მოჰყვებიან, რაც მათ ანგარიშებზე არსებული ბიზნეს და კერძო პირების დეპოზიტების შეზღუდვებს გამოიწვევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკის ხაზინა დაინდობს საქართველოს საბანკო სისტემას და ურჩობისთვის პირდაპირ, ან მეორად სანქციებს არ დაუწესებს, შედეგები მაინც მძიმე იქნება: მნიშვნელოვნად გაიზრდება წნეხი ლარზე, რაც მის გაუფასურებას და შედეგად, შევსებული სავალუტო რეზერვების შემცირებას გამოიწვევს; ყველაზე მძიმე მაინც კაპიტალის გადინების პროცესის პროვოცირებაა, თან საგრძნობლად გაუარესებული საინვესტიციო გარემოს ფონზე, რომელიც განსაკუთრებული მიმზიდველობით ისედაც არ გამოირჩევა, მკვეთრად შემცირდება ისედაც მინიმალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. შედეგად, ბანკებს უძვირდებათ მოსაზიდი რესურსი და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობას გაუძვირდება სესხი; კატასტროფულად გართულდება საერთაშორისო ტრანზაქციები, რაც ჯამში ნიშნავს არა მარტო ფინანსური სისტემის კოლაფსს და ბიზნესების მასიურ გაკოტრებას, არამედ რიგითი ადამიანების გაღატაკებას, რაც ტყუილად არ გვაგონებს იმ უმძიმეს გამოცდილებას, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გამოიარა და რამაც ეკონომიკის რეკორდული ვარდნა და საყოველთაო სიღარიბე მოგვიტანა..

არადა, ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი ეკონომიკა, ბიზნეს სამყარო, ოჯახების სოციალურ მდგრადობა და კეთილდღეობა დარტყმის ქვეშ დგება ერთადერთი მიზეზის გამო: ხელისუფლებაში სასოწარკვეთის ხარისხი და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის აღქმა იმდენად მასშტაბურია, რომ საკუთარი თავისა და ფინანსების გადარჩენისთვის ისინი ყველაფერზე წამსვლელები გახდნენ. ივანიშვილს პანიკურად აშინებს, რომ ხვალ უკვე მას და მის გარემოცვას დაასანქცირებენ. მეტიც, ოცნება ძალაუფლების შენარჩუნების ისეთ სპირალშია შესული, რომ მზად არის, არა მარტო ბიზნეს წრეების სტაბილურობა, არამედ საზოგადოების მყიფე სოციალური კეთილდღეობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, ოღონდ წლების განმავლობაში დაგროვილი ქონება და ფინანსური რესურსები გადაარჩინოს და რუსეთის აგენტობის პოლიტიკურ და შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაექცეს.

ამიტომ, სასწრაფოდ რამდენიმე საკითხზე უნდა დავფიქრდეთ, გავითავისოთ და რაც მთავარია, დროულად ვიმოქმედოთ:

  1. რამდენად ღრმა კრიზისშია ხელისუფლება, რომელიც საკუთარი თავისა და ფინანსების გადარჩენისთვის, ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემას და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკას უმოწყალოდ ანგრევს;

  2. ქვეყანაში აღარ არსებობს ინსტიტუტი და სფერო, მათ შორის ქართული ბიზნესი ყველა დონეზე, რომელსაც ოცნება საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის არ დააზიანებს და გაწირავს;

  3. მესამე და მთავარი, თუ გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ სრული ეკონომიკური კოლაფსი და მასიური გაღატაკება, როგორც ბიზნეს სექტორმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად, აქტიური პოზიციის გამოხატვასთან ერთად სოლიდარულებისა და კოორდინაციის უფრო მაღალი ხარისხი უნდა აჩვენოს, რომ ივანიშვილმა და გაშიფრულმა რუსულმა აგენტურამ საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური გაკოტრების სპირალში არ ჩაიყოლოს.


close დახურვა