logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ზიზღის სისტემური ორგანიზაცია

24 ოქტ 202120:07
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანას ფორმალურად მართავს შანტაჟისტი. დიახ სწორედ შანტაჟისტი. სხვას ვერაფერს უწოდებ მორიგ "მარგალიტებს", რომელიც დღეს პრემიერად მომუშავე ღარიბაშვილმა თიანეთსა და თელავში დაყარა: თიანეთს საბოტაჟს იმიტომ ვუწყობდით, რომ მეჭიაური მერად ჩვენი ხელდასხმით არ არჩეულაო და ქუთაისს, ხალხო, ქუთაისს ვინმე ღარიბაშვილი ემუქრება: - დახმარება აუცილებლად სჭირდება, მაგრამ მერად დეკანოიძეს თუ აირჩევენ ამ ფულს არ მივცემთო... მოკლედ ღარიბაშვილს და საერთოდ ამ ჯგუფს სახელმწიფო ბიუჯეტი პარტიული "ობშიაკი" ჰგონია და კონსტიტუცია და ევროპული თვითმმართველობის ქარტია საპირფარეშოში გამოსაყენებელი ქაღალდი.

ხელისუფლებაში ყოფნის მე-10 წელს, როდესაც კვლავ ქვეყნის მართვის ამბიცია გაქვს, დემოკრატიულ სამყაროში ამისთვის ერთადერთი გზა არსებობს: აჩვენო საზოგადოებას შენი გაკეთებული საქმეები და იმით გაამართლო ხელისუფლებაში დარჩენის აუცილებლობა, რომ გაცილებით მეტი შეგიძლია. დღეს ქართული ოცნება ჯიქურად კი ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას, თუმცა, მეტის შეძლებას თავი რომ დავანებოთ, თავადაც კი იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვს საკუთარ მიღწევებზე, რომ გამარჯვების მოპოვებას კვლავ სისხლიანი 9 წლის შეხსენებით, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევით, გაუტანლობის დემონსტრირებით, ამომრჩევლის მოსყიდვით, დაშინებით და რაც მთავარია წარსულის ფანტომების კვლავ სცენაზე გამოხმობით ცდილობს.

ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰენრი ადამსი, ორი საუკუნის წინ ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად სწორედაც რომ ზიზღის სისტემურ ორგანიზაციას ასახელებდა. ანუ როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ადამიანებში არსებული ცხოველური საწყისის - ზიზღისა და სიძულვილის - წინა პლანზე წამოწევით ცდილობდა დომინანტური მდგომარების მოპოვებას თუ შენარჩუნებას. თუმცა, ეს მე-19 საუკუნის ველურ დასავლეთში იყო. დროთა განმავლობაში, დემოკრატიის, ინკლუზიური განათლებისა და ადამიანის უფლებების მუდმივი გაუმჯობესებით პოლიტიკის ზიზღით მართვამ უკანა პლანზე გადაიწია, დომინანტი ფაქტორი კი მოსახლეობის და რაც მთავარია სახელმწიფოს ინტერესების უკეთ დაკმაყოფილებაში პარტიებს შორის ჯანმრთელი კონკურენცია გახდა. ამ დროს ბევრს შეიძლება ტრამპი გაახსენდეს, თუმცა ძლიერი ინსტიტუტების პირობებში, მის ფაქტორს დამანგრეველი გავლენა არ მოუხდენია. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც ივანიშვილი პოლიტიკას კვლავ ზიზღითა და სიძულვილის გამოყენებით მართავს, რითიც ღრმა წარსულში გვაბრუნებს. დღეს ოცნება, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად ვერ იამაყებს, კრიტიკული კითხვები კი მედიაშიც და საზოგადოებაშიც მათ მიმართ უამრავია: ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზეა, ყველაფერი კატასტროფულად ძვირდება, ბოლო წლის განმავლობაში სამსახური 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა, უცხოური ინვესტიციები თითქმის განულებულია; კოვიდით მანიპულირების, პანდემიის კატასტროფულად მართვის და ვაქცინაციის უკიდურესი დაგვიანების შედეგად 10 000-მდე ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ; ქალების, კაცების, ახალგაზრდების სიცოცხლეს რესტორნის მენიუსავეთ უკვეთავენ, დანაშაულის მნიშვნელოვან მატებას თავი რომ დავანებოთ, ერთდროულად პოლიციურ და კრიმინალურ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით: კრიმინალი პოლიტიკაში ერევა და ბევრგან არჩევნების შედეგებს განსაზღვრავს, პოლიციას კი კრიმინალებივით მოქცევას აიძულებენ. სხვადასხვა რეგიონებიდან სამეგრელოში ჩაყვანილი პოლიციელების ჯგუფი საკუთარ კოლეგებს მხოლოდ იმისთვის აპატიმრებს, რომ ისინი ოპოზიციას თანაუგრძნობენ. კოლეგიალობა კი იმაში გამოიხატება, რომ ნარკოტიკების ნაცვლად ჟანგიან იარაღს და ტყვიებს უდებენ.

ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მეგობრებს განგაში აქვთ ატეხილი - ქვეყანა დასავლეთს სწრაფად შორდება, რასაც ოცნება ირონიით, შეურაცხყოფითა და 3+3-ის ფორმატზე ღიად საუბრით პასუხობს; მელაშვილისა და ილიჩოვას სასამართლო ისევ გრძელდება, პრემიერი კი აზერბაიჯანში ვიზიტისას გარეჯზე სიტყვასაც არ ძრავს. რაც მთავარია ივანიშვილის მმართველობის 9 წლის თავზე უკვე დანამდვილებით ვიცით რომ ყველას, დიპლომატების ჩათვლით, გვისმენენ და გვითვალთვალებენ და ჩვენი ცხოვრებით მანიპულირებენ. ამ ყველაფრის ფონზე ქართული ოცნება რადიკალ-ექსტრემისტთა დაჯგუფებად გადაიქცა, ღარიბაშვილი ქალაქ-ქალაქ დადის და ისტერიული ტონით აგრესიას, გაუტანლობას და სიძულვილს თესავს.

ოცნებას ყველა კითხვაზე ერთი პასუხი აქვს: მიშა პირსისხლიანი, ნაცმოძრაობა კი ბოროტებაა. რეალობა კი ასეთია: ერთ მხარეს არის სიღატაკე, დასავლეთის მოსალოდნელი სანქციები, რომლებიც ყველას შეგვეხება და სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის; სასამართლო, რომელშიც შედეგის მიღწევა ზარდიაშვილის მესინჯერობის გარეშე წარმოუდგენელია; კოვიდის თუ სხვა დიდი გამოწვევების წინაშე აბსოლუტური კაპიტულაცია, რასაც მასობრივი სიკვდილიანობა მოაქვს; სრული უიმედობა და ქვეყნიდან გაქცევა, როგორც გადარჩენის და განვითარების ერთადერთი ალტერნატივა. მეორე მხარეს კი ცვლილების მოლოდინი და მოჯადოებული წრის გარღვევის პერსპექტივა. ოპოზიცია, ოცნების მხრიდან წამოსულ ზიზღისა და სიძულვილის ენას, მაშინ როდესაც ამ ზიზღისა და სიძულვილის მთავარი ობიექტი ციხეში ზის, საზოგადოებაზე ზრუნვით პასუხობს. ჩვენ უკვე ვიხილეთ დასავლური დემოკრატიისთვის დამახასიათებელი, კარგად ორგანიზებული და კონკრეტული შეთავაზებებით გამყარებული, დედაქალაქის კოალიციური პრინციპით მართვის გეგმა, რაც პოლიტიკური სიმწიფის მაჩვენებელი და ნათელი სიგნალია როგორც ქართული ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ოპოზიციის კოალიციური ერთობა ოცნების ხელისუფლების გაცილებით უკეთესი ალტერნატივაა. თანამედროვე დემოკრატიულ პოლიტიკას კი ერთი მარტივი წესი აქვს: როდესაც ხელისუფლებაში მყოფ ძალას საზოგადოებისთვის შესათავაზებელი აღარაფერი აქვს, პოზიციების შენარჩუნებას კი მიღწევებით თავის მოწონების ნაცვლად პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დემონიზებით და მოქალაქეების დაზაფრვით ცდილობს, პარალელურად კი ოპოზიციური ერთობის სახით უკეთესი ალტერნატივა არსებობს, ხელისუფლება მარცხისთვისაა განწირული.

და თუ ეს წესი არ მუშაობს, იმავე ჰენრი ადამსის თქმით, მე-19 საუკუნის ველური დასავლეთის წესები იწყებს მოქმედებას, სადაც უკვე ქვეყანა და საზოგადოებაა მარცხისთვის განწირული: შედეგად კი დგება ხანგრძლივი ავტორიტარიზმისა და ტოტალური უკუსვლის ხანა, ხელისუფლებაში მყოფი ძალა "ზიზღის სისტემური ორგანიზებით" დიდხანს ინარჩუნებს ძალაუფლებას, ყველა მტკივნეულ შეკითხვაზე, შიმშილზე, სიღატაკეზე, უსამართლობაზე, რეპრესიებზე, კორუფციაზე, კრიმინალის აღზევებაზე, მოკლედ ყველა პრობლემაზე პასუხი ერთია: -არა ნაცებს! არა ბოროტებას! ვისაც ეს პასუხი დააკმაყოფილებს, იმას შესაძლოა ბევრი აქვს ნაფიქრი წარსულზე, თუმცა ამ ქვეყნის აწმყოსა და განსაკუთრებით მომავალზე აშკარად შეუდარებლად ნაკლები.


close დახურვა