logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: რა მარწყვი, რის მარწყვი…

08 ივნ 202621:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/08/cmjbd047q38s3z3.jpeg
შალვა პაპუაშვილმა დღეს ახალი პოლიტიკური აგროკულტურა შემოგვთავაზა - თურმე საქართველო სუვერენიტეტს "მარწყვში არ გაცვლის".
 
ჯერ ერთი, საქართველოს ევროკავშირში ისეთი მარწყვის ექსპორტი არ აქვს, რომ მის გარშემო ეროვნული დრამა დაიდგას. ეს უფრო ცუდად გადმოწერილი ფრაზაა, ვიდრე ეკონომიკური არგუმენტი. და ესეც კი ვერ მოიფიქრეს თვითონ.
მარწყვისა და პომიდვრის ეს
 
ალეგორია ფაშინიანის მთავრობის პასუხიდან გადმოიღეს, როცა რუსეთმა სომხურ პროდუქტებზე შეზღუდვები დააწესა. ოღონდ იქ კონტექსტი სრულიად სხვა იყო და არის: სომხეთი რუსეთის ზეწოლის მიუხედავად ცდილობს სუვერენიტეტის გამყარებას, დასავლეთთან დაახლოებას და საკუთარ არჩევანზე დგომას. საქართველოში კი ხელისუფლება, რომელმაც სუვერენიტეტის დიდი ნაწილი უკვე რუსული, ნაწილი კი ირანის და კიდევ ზოგიერთი მეზობლის  გავლენის სასარგებლოდ დათმო, ახლა ევროკავშირს ეუბნება - ნუ გვაშანტაჟებთო.
 
ამ ფონს დღეს კონტრასტს მატებს 2 განსხვავებული სურათი და დინამიკა:
ერევანში ფაშინიანმა არჩევნებით მიიღო მანდატი, გააგრძელოს რთული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ მაინც დასავლური მიმართულების კურსი. თბილისში კი, რეჟიმი, ზუსტად იმ დღეს, როცა ბრიუსელში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ბედი განიხილება, დაჩქარებულად ნიშნავენ სასამართლოს პოლიტიკური ლიდერების პროცესზე, კიდევ უფრო ამკაცრებენ პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესებს და აინიცირებენ ცვლილებებს, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებსა და საერთოდ - საქართველოს, როგორც რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბის პერსპექტივას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
 
რა თქმა უნდა ეს შემთხვევითი დამთხვევა არ არის. ეს პოლიტიკური სიგნალია - ევროკავშირის, საზოგადოების და საკუთარი ადმინისტრაციული აპარატისთვისაც: ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, პირიქით, კრიზისს უფრო გავამწვავებთ.
 
ვიზალიბერალიზაციის საკითხი ივანიშვილის ოცნებისთვის  მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება კი არ არის; ეს არის მორიგი ინსტრუმენტი ანტიდასავლური პროპაგანდისთვის. ჟურნალისტი მათთვის დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი კი არა - კონტროლის ობიექტია. უნივერსიტეტი - დასასუსტებელი და დასაქვემდებარებელი სივრცე. სასამართლო - პოლიტიკური კალენდრის და კორუფციული ინფრასტრუქტურის ნაწილი.
 
ამიტომ პაპუაშვილის "მარწყვი" უბრალოდ სასაცილო ფრაზა არ არის. ეს არის ხელისუფლების მდგომარეობის სიმბოლო: ვეღარ იგონებენ საკუთარ არგუმენტებს, ვერ ასახელებენ ნამდვილ პრობლემას და სხვისი პოლიტიკური მეტაფორით ცდილობენ დაფარონ საკუთარი არჩევანი.
სომხეთი დღეს სუვერენიტეტს რუსეთისგან გათავისუფლებით ამყარებს.
საქართველოში კი ხელისუფლება სუვერენიტეტს რუსეთის და ირანის სასარგებლოდ, დასავლეთისგან იზოლაციაში ეძებს.
 
და ეს განსხვავება მარწყვში კი არა, ქვეყნის მომავალში იზომება.

close დახურვა