რუსული ელიტის წარმომადგენელთა ვიზიტის შემფასებელ მიმომხილველთა შემხედვარე ორი რუსეთისა არ იყოს, ორი საქართველოს არსებობაზე წარმოდგენები კვლავ ამოტივტივდა: პირველი, რომელსაც ევროპა ღირებულებით სახლად, ამავე დროს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და გადარჩენის ერთადერთ გზად მიაჩნია და მეორე, რომლისთვისაც ევროპა ზედმეტად უცხოა, ავტორიტარული გარემო უფრო ემშობლიურება, ან ეროვნული იდენტობის გადარჩენა და კულტურული, თუ ეკონომიკური აყვავება მხოლოდ რუსულ იმპერიულ სივრცეში ესახება, ან ორივე ერთად.
მეორეზე ახლა აღარაფერს ვიტყვი. პირველი, ანუ მედასავლეთეები მყავს სამიზნეში. საქმე ისაა, რომ ეს პირველი საქართველოც მგონია, რომ ორად ვიყოფით: პირველი - მაინც საბჭოური, ანუ ყველა სფეროში ორმაგ სტანდარტებზე გაზრდილები და 90-იანების ტრავმებით დაშინებული და გადაღლილი, კონფორმიზმისკენ მიდრეკილი თაობა და მეორე - სწორხაზოვნად მოაზროვნეები, დიახ, ეს ის შემთხვევაა, როცა "სწორხაზოვნება" ერთი და უმაღლესი სტანდარტის გააზრებას და ერთგულებას ნიშნავს. მტერი - მტერია! და შეიძლება პოლიტიკური რაციონალიზმის გამო სიმწვავის ხარისხს ცვლიდე, მაგრამ შენს მიერვე გაცხადებული მტრის წინაშე ლაქუცი და ფიანდაზად გაგება ვერასოდეს იქცევა ამ ტაქტიკის ნაირსახეობად. საქართველოს ამ ნაწილს, ძირითადად ახალგაზრდებს, უბრალოდ არ ესმით სხვაგვარად როგორ უნდა მომხდარიყო, სხვა რა რეაქცია უნდა გვქონოდა თავმოყვარე ერის შვილებს, როდესაც პოზნერი კი არა, აი იმ ძველებისთვის კიდევ უფრო გასაგები, ტასის და სპუტნიკის ხელმძღვანელებისთვის უნდა გაგვეწელა ელარჯი. ანუ რუსეთთან ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და თავისუფლებისთვის ომის, სახმელეთო და საჰაერო ბრძოლების მორიგი ფაზის დასრულების შემდეგ, განგრძობადი და კიდევ უფრო საშიში ჰიბრიდული ომის რუს გენერლებს მასპინძლობ და ფეხქვეშ ეგები. დიახ, ეს ზუსტად და გაუზვიადებლად ასეა, და ვისაც გამოხატვის ფორმებთან პრეტენზიები გაქვთ, შეიძლება დაგავიწყდათ და შეგახსენებთ ტასს-ის უცვლელ აბრევიატურას, რომელიც საბჭოთა კავშირის ჰიმნის არ იყოს - იგივეა და ნიშნავს ტელევიზიონნოე აგენსტვო სოვეტსკოვო სოიუზა, ანუ საბჭოთა კავშირის სატელევიზიო სააგენტოს. აი ამათ ჩამოსვლას და კომენდანტი საათის დროს ქეიფს რომ აპროტესტებს, თუნდაც კვერცხის სროლით, იმ ხალხის თვალებშია ბეწვი საძებნელი, თუ იმათშია - დირე, ორმაგი სტანდარტი და კონფორმიზმის სიმყრალე დასანახი, თან რუსეთს რომ მტრად აღიარებს, პუტინს საქართველოს დამაქცევრად მიიჩნევს და მისი ჰიბრიდული ომის არმიის გენერლების აქ "გულაობაზე" მწვავე რეაქცია გადაჭარბებულად მიაჩნია.