logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: სანამ დრო აჩქარებულა

06 ოქტ 202120:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/06/sqfwobyli68t7v9.jpg

პირველი რაუნდი დასრულებულია. ახლა ქანცგაწყვეტილი ფალავნები რინგის კუთხეებში სხედან და ძალების აღდგენას ცდილობენ. ეს დღევანდელი საქართველოს რეალობაა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელშიც გამარჯვება ჯერ ვერც ერთმა მხარემ მოიპოვა, თუმცა ზეიმით უკვე იზეიმა: ოცნებამ მიშელის 43 პროცენტიანი ბარიერით ყელზე შემოჭერილი ყულფი ჩამოიხსნა, ოპოზიციამ კი საკუთარ თავსაც და  საზოგადოებასაც დაუმტკიცა, რომ ხელისუფლების მხრიდან გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის თუ სხვა არაერთი საარჩევნო მანიპულაციის მიუხედავად, წარმატების მიღწევა შეუძლია. რისი ნათელი დადასტურებაა ის, რომ პოლიტიკური დუელი დიდ ქალაქებში მეორე ტურების სახით გრძელდება.

საინტერესოა, შეიძლებოდა თუ არა ოპოზიციის მხრიდან უკეთესი შედეგის მიღწევა, რომ არა სააკაშვილის ფაქტორი, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლით პოლიტიკური მოედანი სრულად შეარყია, ხელისუფლება კი ისე გაამასხარავა, რომ ოცნების ლიდერებს ამ სირცხვილის ჩამორეცხვა ძალიან გაუჭირდებათ.

თუმცა, მეორე მხრივ, დღის ბოლოს მისმა ციხეში მოხვედრამ მორალურად შერყეული მმართველი პარტია კვლავ შეკრა და საკუთარ ძალებში რწმენა დაუბრუნა.

ეჭვგარეშეა, რომ არჩევნების წინ განვითარებულმა უკიდურესად დრამატულმა მოვლენებმა პოლარიზაცია მაქსიმალურად გაზარდა, რამაც ნაცმოძრაობისა და ქართული ოცნების მხარდამჭერების სრული მობილიზება გამოიწვია, გახარიასა და შედარებით მცირე პარტიებს კი ამომრჩევლის არცთუ მცირე ნაწილი დააკარგვინა. სავსებით ლოგიკურია ვარაუდი, რომ სააკაშვილის უკრაინაში დარჩენის შემთხვევაში ოცნება 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა, დიდ ქალაქებში კი მეორე ტურებს მაინც მივიღებდით, თუმცა დღეს ამაზე მსჯელობა უკვე დაგვიანებულია. აი რაც დაგვიანებული ნამდვილად არ არის, ისაა, რომ ოპოზიციამ სწრაფად და სიღრმისეულად გააანალიზოს მომხდარი, სწორად შეაფასოს შეცვლილი ფაქტორები და უკეთესად მოემზადოს მეორე ტურებისთვის.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმმართველ ქალაქებში გამარჯვებას ივანიშვილი ამჯერად მართლა იზეიმებს, შემდეგ ყველას "მოგვხედავს" და მშვიდად მოემზადება 2024 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლებაში უკვე მუდმივად დასარჩენად.

იმის გათვალისწინებით, რომ ოცნებამ საარჩევნო უბანზე საკუთარი ამომრჩევლის თითქმის მაქსიმალური რაოდენობა მიიყვანა, მეტი ხმების მისაღებად მას ერთადერთი  გზა აქვს დარჩენილი - გადაიბიროს გახარიას ამომრჩევლის დარჩენილი ნაწილი, რაც ვითარების კიდევ უფრო მეტად პოლარიზებითაა შესაძლებელი, რისთვისაც მმართველი პარტია დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას შეეცდება. და თუ ესეც არ იქნება საკმარისი, დრამატიზმის გასაზრდელად და ყოფილი პრემიერის ამომრჩევლის დასარწმუნებლად არ არის გამორიცხული, ივანიშვილის მორიგი განცხადებაც ვიხილოთ.

გამარჯვების მისაღწევად მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ბუნებრივია, არც ნაცმოძრაობას ეყოფა. საჭირო იქნება მცირე პარტიების მომხრეების სრულად, გახარიას ამომრჩევლის კი ნაწილობრივ მიმხრობა მაინც, და რაც მთავარია იმ ადამიანების სახლებიდან გამოყვანა, რომლებიც პირველ ტურში საარჩევნო უბნებთან სხვადასხვა მიზეზით არ მივიდნენ. ამ ამოცანის შესასრულებლად კი ოპოზიციის ყველაზე დიდ პარტიას პოლიტიკური ველის მაქსიმალური დეპოლარიზაცია დასჭირდება, რისი მთავარი ხელისშემშლელიც შესაძლოა მათ დასახმარებლად ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი გახდეს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ციხეშია ყოველდღიურ რეჟიმში კვლავაც ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს და დიდი ალბათობით, მეორე ტურების შედეგებიც სწორედაც რომ მის ქმედებებსა თუ განცხადებებზე იქნება დამოკიდებული.

მიშამ მე-2 ტურებში გამარჯვება უკვე გამოაცხადა მთავარ პრიორიტეტად. ახლა მთავარია რომ, მისი და მისი მომხრეების ნაბიჯები და განცხადებები ამ პრიორიტეტს ემსახურებოდეს. ანუ როგორც უკვე ვთქვით, მან პოლარიზაციის ნაცვლად დეპოლარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი, რის გარეშეც შეუძლებელი იქნება გახარიას და მცირე პარტიების ამომრჩევლის მიმხრობა.

ამისთვის კი საჭიროა, რომ სააკაშვილმა, ბოლო დროს ივანიშვილზე და ოცნებაზე მოპოვებული მორალური უპირატესობით, ადამიანური სახის ჩვენებით, დაშვებული შეცდომების ღიად აღიარებით, დესტრუქციული ქმედებების სრულად გამორიცხვით და კონსტრუქციული და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომებით, მისი როგორც საფრთხობელას ფაქტორის გაქარწყლებას შეუწყოს ხელი. თავის მხრივ გახარიაც უნდა მიხვდეს, რომ სტატუს კვოს შენარჩუნების შემთხვევაში მის პოლიტიკურ მომავალს სერიოზული საფრთხე ემუქრება. თუ არსებული პოლიტიკურ ჭაობი შემდეგი სამი წლის განმავლობაშიც გაგრძელდა, თუ ვინმე ჩაეფლობა და დაიხრჩობა ამ ჭაობში, ეს თავად გახარია და მისი პოლიტიკური გუნდი იქნება. ოცნება გახარიასთან კოალიციურ მმართველობაზე არ წავა, სამაგიეროდ, აქტიურად შეეცდება მისი პარტიისა თუ საკრებულოს წევრების დაშინებას, მოსყიდვასა თუ გადაბირებას. ნაწილობრივი წარმატების შემთხვევაშიც კი ეს გახარიასთვის მთავრის ანუ პოლიტიკური ფუნქციის დაკარგავს ნიშნავს, რაც მისი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნება. ერთადერთი გამოსავალი ყოფილი პრემიერისთვის სტატუს კვოს ცვლილებაა, რისი მიღწევაც მხოლოდ ოპოზიციის მეორე ტურებში გამარჯვების შედეგად იქნება შესაძლებელი, რაც, თავის მხრივ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ისევ აქტუალურს გახდის.

ამიტომაც, გახარიამ დროებით უნდა დაივიწყოს, რომ მელია და ნაცმოძრაობა მისი პოლიტიკური მტრები არიან და იარაღად გამოიყენოს ისინი ქვეყნის, საკუთარი და მისი გუნდის პოლიტიკური პერსპექტივის გადასარჩენად. გასაგებია, რომ ეს უკიდურესად მტკივნეული გადაწყვეტილება იქნება ყოფილი პრემიერისთვის და შესაძლოა ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ საჯარო მოწოდება არც გააკეთოს, თუმცა კულისებს მიღმა, ქვეყნისა და საკუთარი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, ამომრჩეველს ეს კარგად უნდა აუხსნას.

რეალურად  სწორედ აქ გამოჩნდება, გახარია მართლა სტრატეგიულად მოაზროვნე პოლიტიკოსია თუ უბრალოდ ივანიშვილზე განაწყენებული მისი ყოფილი ხელქვეითი. უდიდესი მნიშვნელობა ექნება ზურა ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას აქტიურობას თბილისში, სადაც ოპოზიციის გამარჯვება შესაძლოა უფრო რთული იყოს, ვიდრე სხვა თვითმმართველ ქალაქებში.

კალაძის სასარგებლოდ 10%-იანი უპირატესობის პირობებში, საკმარისი ისიც კი არ იქნება რომ მელიამ ოპოზიციურად განწყობილი პარტიების მხარდამჭერები სრულად მიიმხროს, ხოლო გახარიას ამომრჩევლის დიდი ნაწილი გაანეიტრალოს. საჭიროა პოლიტიკურ მოედანზე ახალი ფაქტორის გაჩენა, რომელიც არჩევნების ბედს გადაწყვეტს. ეს კი სახლში დარჩენილი, გაპასიურებული, პოლიტიკური იწილო-ბიწილოთი გაბეზრებული, პერსპექტივადაკარგული და ე.წ. ჩემოდანზე მჯდომი ახალგაზრდობაა. და თუ ვინმეს აქვს პოტენციალი, რომ ეს ხალხი გაააქტიუროს და მელიას გამარჯვების რეალური შანსი მისცეს, ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარიაა. ამ ყველაფერს კი, ბუნებრივია, ემატება დასავლეთის პოზიციაც, რომლის პოლიტიკურ დედაქალაქებშიც უკვე განაცხადეს, რომ ამ არჩევნებს საზოგადოების თავისუფალი ნების გამოხატვასთან - ანუ რა მიზნითაც ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები ტარდება, საერთო არაფერი ჰქონდა. უმკაცრეს შეფასებებს ისიც ემატება, რომ ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც გავლენიან პოლიტიკოსებს, როგორც პირადი, ისე სტრატეგიული მიზეზები აქვთ იმისთვის, რომ ოცნების ხელისუფლებიდან გასტუმრება სურდეთ.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ივანიშვილმა ისინი არაერთხელ გადააგდო, გააპამპულავა და მათ ელჩებს უკანონოდ უსმინა, ყველასთვის ნათელია, რომ მილიარდერის პოლიტიკა, რომლის ერთადერთი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა, ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და უკიდურესად ასუსტებს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც დიდი სისწრაფით შორდება ევრო-ატლანტიკურ ვექტორს და ექცევა რუსულ მარწუხებში, რაც დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

საყურადღებოა ისიც, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში ოპოზიციას ჰქონდა უკიდურესად ხისტი და რადიკალური პოზიცია რაც ბოიკოტსა და შედეგების არაღიარებაში გამოიხატა. დასავლეთმა კი პირიქით, მან აიძულა ოპოზიცია, შედეგები მიეღო და ოფიციალური შეფასებებშიც შედარებით თავშეკავებული იყო. დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც ოპოზიცია მეორე ტურების ბოიკოტს არც კი განიხილავს, მაშინ როდესაც დასავლეთის ტონი საგრძნობლად გამკაცრდა, ასეთი კრიტიკული შეფასებები კი  ოცნების მიერ ჩატარებულ არცერთ არჩევნებთან მიმართებაში არ ყოფილა.

შეუძლებელია, ქართული ოცნება, ვერ ამჩნევდეს და საკუთარ კანზე ვერ გრძნობდეს მოსალოდნელ სიმძიმეს იმ შედეგებისა, რომელიც მეორე ტურებში მასშტაბურ გაყალბებას და ზეწოლას შეიძლება მოჰყვეს. ეს ფაქტორი კი ოპოზიციას საგრძნობ უპირატესობას აძლევს იმისთვის, რომ საკუთარი ძალების მობილიზებაც უკეთ მოახდინოს და შედეგების დაცვის ბერკეტებიც რეალურად გაუჩნდეს. პრეზიდენტის შიმშილობის ფონზე დრო კიდევ უფრო შეიძლება აჩქარდეს. ოპოზიციას მკაფიო გეგმა და მოქმედება სჭირდება.


close დახურვა