logo
ENG



ომბუდსმენმა რუსულ კანონზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციოს მიმართა

29 აგვ 202411:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/29/qxn93oxfojhu4ux.jpg

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, რუსული კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება, იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოხილულია კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობა და არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, აღნიშნული მოთხოვნების დაწესებით შესაძლოა, გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი შეიქმნას ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეაფერხოს მათი შესაძლებლობა ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა.

"მიგვაჩნია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. ანგარიშგების დამატებითი მოთხოვნების დაწესებით კი, მნიშვნელოვანი და გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი იქნება ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს მათ შესაძლებლობას ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და პროპორციული დეკლარირებული ლეგიტიმური მიზნებისა"- ნათქვამია სასამართლოს მეგობრის მოსაზრების დასკვნით ნაწილში.

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერებაზე სხდომა მიმდინარეობს.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის. 


close დახურვა