საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა, დღეს დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ, პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
მოწმის, დავით დვალიშვილის მიმართ რურუას ადვოკატს კითხვები ჰქონდა მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით. დვალიშვილი წლების განმავლობაში სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში სამხედრო პოლიციის უფროსის თანაშემწის პოსტზე მუშაობდა.
კერძოდ, ადვოკატს კითხვები ჰქონდა, სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.
„ყველა მოწმე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევს, ვინც პოლიციის თანამშრომელია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გაყალბებულია. ჩვენს მიერ დასმული იქნა ბატონ დვალიშვილზე კითხვები, მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, ის იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, ბატონ მეგიზ ქარდავასთან ერთად, შემდეგ როგორც ირკვევა როდესაც ქარდავა გადმოვიდა სამხედრო პოლიციაში უფროსის მოადგილედ, ეს პიროვნებაც სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო მეგიზ ქარდავასთან ერთად. ჩემს მიერ დასმული იყო კითხვა, მონაწილეობდა თუ არა თეთრაძის საქმეში და დაიკითხა თუ არა ამ საქმეზე, რაზეც მან განაცხადა, რომ არ იცის და არ ახსოვს. ამას მოჰყვა პროკურატურის პროტესტი, რომ ეს კითხვები ყოფილიყო განრიდებული და ეს კითხვები არ ყოფილიყო დასმული“,-აცხადებს ლევან სამუშია.
შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მეწილე 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. რურუა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი სამართალდამცველებმა „ჩაუდეს“.
აღსანიშნავია, რომ რურუას არამხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ საერთაშორისო პარტნიორების ნაწილიც პოლიტპატიმრად მოიხსენიებს. დასავლელმა ლიდერებმა ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.