მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების 4 წლით აღკვეთა შეუფარდა.
გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.
რურუას დაკავების დღიდან მისი ადვოკატი და ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.
გიორგი რურუას გათავისუფლება ე.წ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. ქართული ოცნება საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოწოდების მიუხედავად, დღემდე უარყოფს შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას, რომელიც გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლებას ითვალისწინებდა.
მიუხედავად ამისა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 15 მარტს ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა.
რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ საქართველოს ხელისუფლებას არაერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა მოუწოდა. მათ შორის აშშ-ის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა.
რამდენიმე დღის წინ, 27 ივლისს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგას შემდგომი ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე.
გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.