გირჩი შვიდ მოთხოვნას აჟღერებს, რომელთაგან ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში, პარტია პარლამენტში შევა.
მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია პარტიამ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.
გირჩის მოთხოვნებია:
- ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
- კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდეს სახელმწიფო რეგულირებებისგან;
- რაიონული პოლიციის შერიფები აირჩიოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით;
- პირველი ინსტანციის მოსამართლეები პირდაპირი წესით აირჩიოს ხალხმა და ბრალდებულს ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
- ქვეყანაში დაშვებულ იქნას მულტისავალუტო რეჟიმი;
- მოხდეს მარიხუანის სრული ლეგალიზაცია;
- რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.
როგორც გირჩის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, ბოიკოტის რეჟიმში დარჩენის შემთხვევაში წევრთაგან არცერთი არ აიღებს პარლამენტარის ხელფასს და პარტიულ დაფინანსებას. ასევე, არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის საქმიანობაში. თუმცა პარტიის წევრები ისარგებლებენ პარლამენტის წევრის იმუნიტეტით, იარაღის ტარებისა და პარლამენტის შენობის პრესბანერთან დგომის უფლებით.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ ცნობს - მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პარტიების დიდი ნაწილი, გარდა მოქალაქეებისა და ევროპელი სოციალისტებისა, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. უცნობია, საბოლოოდ რა პოზიციაზე შეჯერდება გირჩიც.
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ქართულ ოცნებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს ბოიკოტის რეჟიმიდან გამოსვლისათვის. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკებებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და მისი სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ჩაერთნენ.
დანიელსონის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ორი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.
- რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც ამბობენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.