უკიდურესად გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის გამო საპროტესტო აქცია დღეს მოვაჭრეებმა გამართეს. გლდანისა და რუსთავის ბაზრებში მომუშავეები ამბობენ, რომ შიმშილის კრიტიკულ ზღვარზე არიან. მათი თქმით, ოჯახების გამოსაკვებად პურის ფულიც აღარ აქვთ. აგრარული ბაზრების დახურვის შემდეგ გასაყიდად გამოტანილი პროდუქტის გადაყრა მოვაჭრეებს დღესაც მოუხდათ.
გლდანის ბაზარში პროდუქცია მოვაჭრეების ნაწილმა გამოუვალი მდგომარეობის გამო გადაყარა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ თუ ბაზრის მუშაობა სასწრაფოდ არ აღდგება ოჯახებთან ერთად შიმშილი ემუქრებათ. მოვაჭრეების ნაწილმა დახლების გაშლა ბაზრის გარეთ დააპირა, მაგრამ ამის საშუალება მუნიციპალურმა სამსახურმა არ მისცა და დაჯარიმებით დაემუქრა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოყვა. ბაზარი მხოლოდ მაშინ გაიხსნება, როდესაც იქ ყველა საჭირო ნორმა დაცული იქნება თუმცა მოვაჭრეებს ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ მთავრობის დახმარების გარეშე წესების დაცვა მათთვის შეუძლებელია.
თითქმის მთლიანად დაკეტილია ნავთლუღის ბაზარიც. იქ მხოლოდ ის ნაწილი ფუნქციონირებს სადაც საბითუმო ვაჭრობაა შესაძლებელი. ხალხი ამბობს, რომ ნორმებს არც საბითუმო ბაზარი აკმაყოფილებს. ადგილობრივები ბაზრის დახურვის გამო გაზრდილი ფასებზე საუბრობენ .
სოფლის პროდუქტებით ვაჭრობის უფლება რუსთავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმაც მოითხოვეს. მოვაჭრეები აცხადებენ, თუ მუშაობა მალე არ აღდგა პროდუქტი რომელიც დახლზე აქვთ შენახული გაფუჭდება და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
მთავრობას მოქმედებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო სექტორში. EMC-მ ხელისუფლებას საგანგებო განცხადებითაც მიმართა, ორგანიზაციაში ამბობენ,რომ ბაზრების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოში 80 აგრარული ბაზარია, საიდანაც ამ დროისთვის მხოლოდ 24 მუშაობს, როდის განახლდება ყველა ბაზრის მუშაობა და რა ბედი ელით იქ დასაქმებულ ადამიანებს ჯერ ჯერობით უცნობია.