სოსო გოგაშვილის ადვოკატის, დიმიტრი ღონღაძის თქმით, მასალები, რომლის გასაჯაროებასაც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გეგმავს, საზღვარგარეთ სანდო ადამიანის ხელშია.
ადვოკატის განცხადებით, ის 2021 წლის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას 25 ივლისამდე გაავრცელებს, შემდეგ კი პერიოდულად გამოაქვეყნებს სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ხელისუფლების სხვა დანაშაულებს ეხება.
"აქვს გეგმა და ეტაპობრივად გაახმოვანებს, ხელისუფლების ყველა შტოს ამხელს". - ამბობს დიმიტრი ღონღაძე.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას სპეცოპერაციით დააკავეს.
ამ დრომდე მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ.
ის მოდულის შენობაშია მოთავსებული. ადვოკატების თქმით, სოსო გოგაშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა - აქვს შეშუპებული ლოყა და კიდურებზე დაზიანებები აღენიშნება.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.
დაკავების დროს გაჩხრიკეს გოგაშვილის და მასთან დაკავშირებული ადამიანების სახლებიც. მისი შვილის თქმით, სახლებიდან წაიღეს ტელეფონები, კომპიუტერები, პლანშეტები, მეხსიერების ბარათები.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.
რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც
სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.