ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია-პიკეტი დღეს, 25 მაისს, 16:00 საათზე გაგრძელდება.
მისი თქმით, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და სცენიდან გაახმოვანებენ, რის გადაკეტვასა და პიკეტირებას აპირებენ.
"დღევანდელ დღეს დაგეგმილი გვაქვს 4 საათზე შეკრება რესპუბლიკის მოედანზე და შემდეგ უშუალოდ რა მიმართულებით დავიძვრებით, რას გადავკეტავთ და რის პიკეტირებას მოვახდენთ, სცენიდან გავახმოვანებთ.
ჩვენ ფიზიკურად არ დაგვრჩა მოქმედების სხვა სივრცე. ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ნუ მიყვიყვანდა ამ ზომამდე და ამ მდგომარეობამდე. როცა საუბარია თუნდაც ულტიმატუმზე, რაც ახლა ჭრით ყურს ჩვენი მკაფიო მოთხოვნები, კარგად უნდა გადახედონ, რა ისტორია უძღვის ამას წინ და რამ მოგვიყვანა ჩვენ აქამდე", - თქვა გოლეთიანმა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.
ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.