ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გორლეთიანის თქმით, არაადეკვატური შეფასებაა ღარიბაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ "ულტიმატუმების ენის საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია".
გოლეთიანის თქმით, პრემიერის ამ განცხადებაზე საზოაგადოებას შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს.
"საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ ვაი პატრიოტები და ჩვენ არ გვინდა ქვეყნის განვითარება ან გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა და ამაზე ჩვენ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება", - ამბობს გოლეთიანი.
როგორც გოლეთიანი ამბობს, ხელისუფლება ფეისბუქ გვერდებს ასპონსორებს და "რიონის ხეობის" მცველების მიმართ შავ პიარ კამპანიას აგორებს.
"ვაი პატრიორტიზმის კონტექსტში ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ იმიტომ, რომ ხეობას ხელისუფლება ყიდის, რესურსებს ხელისულება ასხვისებს, უგულებელყოფილია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
ჩვენ ამ ყველაფერს ვიცავთ იმ ფონზე, როცა ჩვენ მიმართ აგორებულია დიდი შავი პიარ კამპანია, რასაც ხელისუფლება უდგას სათავეში და ასპონსორებენ ასობით ფეისბუქ გვერდს, რომელიც ჩვენს გაშავებაზე მუშაობს, ვისი ფულია ეს ნამდვილად გასარკვევია და ფაქტია, რომ ხელისუფელბის ფულია", - ამბობს გოლეთიანი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს "გონიერებისკენ" მოუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფოს კანონის მიღმა გადასვლაზე რეაგირება ექნება.
მისი თქმით, ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია.
"ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი", - ამბობს ღარიბაშვილი.
გუშინ, 23 მაისს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. მათივე თქმით, ხელისუფლებას აქვს ვადა 24 მაისის 12:00 საათამდე, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი "რიონის მცველები" ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.