logo
ENG



გომელაურის თქმით, თავდამსხმელს საქართველოს ბანკის კუთვნილი თანხა გადასცეს

22 ოქტ 202017:46
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, თანხა, რომელიც  ზუგდიდში თავდამსხმელს გადასცეს, ბიუჯეტიდან არ იყო და საქართველოს ბანკს ეკუთვნოდა:

"ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის... საქართველოს ბანკის თანხაა... ეს ასე ხდება ყველგან მსოფლიოში, ყველგან ასე ხდება, როდესაც ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს… თიბისი ბანკი ხომ არ გადაიხდიდა? საქართველოს ბანკში იყვნენ შესულები", - თქვა მან.

ვახტანგ გომელაური თავდამსხმელისთვის ფულის მიცემას იმით ხსნის, რომ "მათთვის ადამიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია":

"თანხაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე, არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ თუ გინდათ დადასტურებად ჩათვალეთ, დასამალი რა არის, კი ბატონო, შესრულდა, რა მნიშნველობა აქვს, რამდენი წაიღო. თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა, იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ", - თქვა მინისტრმა. 

ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკში გუშინ, 21 ოქტომბერს მძარცველი შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად წავიდა, მოგვიანებით ისინი გაათავისუფლა და ფულთან ერთად გაიქცა. შსს-ში ამბობენ, რომ მისი სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


close დახურვა