შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, საგანგებო მდგომაროების ფონზე, როგორ ჩატარდება ქვეყანაში აღდგომის დღესასწაული.
როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მთავრობასა და საპატრიარქოს შორის კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს.
„საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ჯერ ორი კვირაა აღდგომამდე და ამასთან დაკავშირებით შევჯერდებით, როგორ ჩატარდება ყველაფერი. ორ კვირაში რა იქნება არავინ იცის, წინასწარ ვერ დავგეგმავთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, საპატრიარქოს პოზიცია მთავრობის მიერ შემოღებულ საყოველთაო კარანტინის პირობებში ღვთისმსახურების წესის შესახებ სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ერთადერთი, რაც ზუსტად იციან, არის ის, რომ ზიარების წესი არ გადაიხედება. რაც შეეხება ღვთისმსახურების ფორმას, ისინი არ გამორიცხავენ, მრევლი წირვებს ეკლესიის ეზოში დაესწროს.