დღეს დილით, რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ბელაურისის ქალაქ გომელში მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმდნენ და დღეს რუსეთის დელეგაცია ამ მოლაპარაკების მიზნით ჩავიდა ბელარუსში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მალევე გაავრცელა ბელარუსისადმი ვიდეომიმართვა რუსულ ენაზე, სადაც განაცხადა, რომ კიევი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა არა ბელარუსის ტერიტორიაზე, ვინაიდან ის უკრაინაზე თავდასხმაში აქტიურადაა ჩართული და არაა ნეიტრალური ქვეყანა.
საპასუხოდ კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გომელი მოლაპარაკებების ადგილად უკრაინამ დაასახელა. რაზეც კიევმა უპასუხა, რომ გომელში შეხვედრა ნამდვილად განიხილებოდა, თუმცა რუსეთმა ბოლო მომენტში მათთვის მიუღებელი მოთხოვნა წამოაყენა. კიევი აცხადებს, რომ რუსეთი შეხვედრაზე იმ შემთხვევისთვის იქნებოდა თანახმა, თუ უკრაინის სამხედრო ძალები იარაღს დაყრიდნენ, რაც უკრაინისთვის მიუღებელი პირობაა.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომაც გაავრცელა განცხადება. მისი თქმით, ამჟამად უკრაინაში არცერთი ბელარუსი ჯარისკაცი არ იმყოფება. თუმცა იმავდროულად ასევე აღიარა, რომ ბელარუსმა ქვეყნის სამხრეთიდან უკრაინის მიმართულებით კონფლიქტის დასაწყისში "ნამდვილად ისროლა 2-3 რაკეტა". მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კიევმა საზღვრის სიახლოვეს 3-4 სარაკეტო ბატალიონი განათავსა.
საბოლოოდ, რუსეთი აცხადებს, რომ დღეს შუადღის 3 საათამდე ელოდება უკრაინის დელეგაციას გომელში. უკრაინული მხარე კი ამბობს, რომ გომელში რუსეთის დაყენებული პირობებით მოლაპარაკებაზე არაა თანახმა.