logo
ENG



გოფოძე გარდაცვლილ პაციენტზე:კოვიდ-19-ის გარდა, ბევრი თანხმლები დაავადება ჰქონდა

03 ივნ 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მას ვირუსი არ აღენიშნებოდა, თუმცა ლევან გოფოძის თქმით, კოვიდ-19-მა თანმდევ დაავადებებზე იქონია გავლენა და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

„ეს პაციენტი ჩვენთან მოყვანილი იქნა მაისის დასაწყისში. გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან. იყო პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე. ამ პაციენტს, გარდა იმისა, რომ კოვიდ ინფექცია ჰქონდა დადასტურებული, აღენიშნებოდა ბევრი თანმხლები დაავადება და გართულება კოვიდ ინფექციასთან ასოცირებული. ეს იყო მძიმე დისტრეს სინდრომი და სეპტიური შოკით შემოვიდა კლინიკაში. ჩვენთან დაუდგინა შემდგომში ფილტვის არტერიების ემბოლიის დიაგნოზი, ასევე იყო გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, ინსულტი. ერთი პერიოდი მიღწეული იქნა შედარებით სტაბილიზაცია ამ დისტრესის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა შემდგომში კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა და გუშინ საღამოს გაჩერდა გული“, - განაცხადა გოფოძემ.

გარდა ამისა, ერთმა ადამიანმა მიმართა ქუთაისის საავადმყოფოს. მას მოგზაურობის ისტორია აქვს პოლონეთში. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, 4 ახალი ინფიცირებულიდან 3-ს მოგზაურობის ისტორია უფიქსირდება. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვას ახორციელებდნენ. კიდევ ერთი შემთხვევა საბურთალოს კლასტერს უკავშირდება. მას ვირუსი თბილისის ზღვის საავადმყოფოში დაუდასტურდა, თუმცა ამ დროისთვის მკურნალობს მცხეთის საავადმყოფოში გადის. 

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 800 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 640 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 13 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2 424 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მკურნალობის ქვეშ კი, 304.


close დახურვა