რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში სწრაფი ტესტების არსებობის აუცილებლობა არ დგას.
გოფიძის განმარტებით, "პისიარ" ტესტი, რომელსაც დიაგნოსტირებისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გამოიყენებენ, უფრო სანდოა, შესაბამისად, მისი თქმით, სწრაფი ტესტების სანდოობა არის ნაკლები. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სწრაფი ტესტები საჭიროა მათთვის ვისაც გართულების პრევენციისთვის თავის შემოწმება უნდა კორონავირუსზე.
"რესპუბლიკურ საავადმყოფოში სწრაფი ტესტების გამოყენება არ ხდება. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ სწრაფი ტესტები გვქონდეს კლინიკაში, იმიტომ რომ ჩვენი კლინიკა ამ წუთას მუშაობს იმ პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებათ კარგად გამოხატული კლინიკური სიმპტომები, რომელიც ჰგავს მეტ-ნაკლებად კორონას. ამიტომ, ჩვენთან წარმოებული ტესტების საიმედოობის ხარისხი გვინდა მაღალი იყოს. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ნეგატიურია პასუხი, ასეთი პაციენტები აქედან გაგვყავს. საეჭვო პასუხით მათი გაყვანა არ იქნებოდა სწორი. ის ტესტები, რომლებიც კეთდება ლუგარში ესენი არის მაღალი სანდოობის. პირადად მე უპირატესობას ვანიჭებ "პისიარ" ტესტებს. თუმცა, ვიღაცას უნდა გაიკეთოს ტესტი "ვაი ხომ არ მჭირსო" აზრით. ასეთი ადამიანებისთვის საჭიროა სწრაფი ტესტების არსებობა, მაგრამ როცა კლინიკაზე ვსაუბრობთ და სერიოზულ პაციენტებზე, სერიოზული ტესტები არის გასაკეთებელი", - განაცხადა გოფოძემ.