logo
ENG



გუმათში აქციის მონაწილეებმა ხეობაში მოხვედრა ტყის ბილიკით სცადეს, მოხდა დაპირისპირება

30 მაი 202120:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/30/y5t2k92mx8jqw9e.png

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში მოხვედრა ტყის ბილიკის გამოყენებით სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ადგილზე მცირე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ტერიტორიიდან გაიყვანა.

"ჩვენი თანამებრძოლების ერთმა ნაწილმა სცადა ტყით გადასვლა, იფიქრეს, ტყის ბილიკი გამოეყენებინათ, თუმცა გეგმა გაცხადებული იყო და მაშინვე მოახდინეს რეაგირება", - უთხრა ფორმულას მარიტა მუსელიანმა.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები კვლავ გუმათში იმყოფებიან და ლითონის კედელზე აბრახუნებენ. პროტესტის ამ ფორმას მიმართავენ ისინი უკვე მე-5 დღეა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.


close დახურვა